ჩიკაგოში სამგლოვიარო პროცესიას ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილია 14 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
21 ივლისის საღამოს უცნობმა პირებმა ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს ადამიანებს, რომლებიც დამკრძალავ ბიუროსთან იყვნენ შეკრებილები.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სამგლოვიარო პროცესიის ზოგიერთმა მონაწილემ თავდამსხმელებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის ადგილზე სულ 60-ზე მეტი ვაზნაა ნაპოვნი.
დაშავებულები 5 სხვადასხვა ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თავდამსხმელთა ავტომობილი პოლიციამ რამდენიმე ასეულ მეტრში იპოვა. სროლის დაწყების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით ერთი ადამიანია დაკავებული.