აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, ჯო ბაიდენი კრემლსა და უცხოეთის იმ მთავრობებს, რომლებიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერევიან, მკაცრი ზომებით დაემუქრა, - ამის შესახებ ABC News-ი წერს.
ბაიდენმა, ვრცელ განცხადებაში, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაცია და აღნიშნა, რომ მთავრობა, შიდა პოლიტიკურ პროცესებში უცხო ქვეყნების ჩარევის თავიდან ასაცილებლად, სათანადო ზომებს არ მიმართავს.
„პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, არჩევნებში უცხო ქვეყნების ჩარევას მტრულ აქტად განვიხილავ და ეს საგრძნობ გავლენას მოახდენს ასეთი ქვეყნების მთავრობებისა და აშშ-ის ურთიერთობებზე. მივმართავ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურს, დროულად გაასაჯაროონ უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ ნებისმიერი ძალისხმევა, რომელიც მიმართული იქნება ადგილობრივ არჩევნებში ხელის შეშლისკენ. გამოვიყენებ ყველა საშუალებას, რომ ასეთმა ქვეყნებმა საგრძნობი და გრძელვადიანი შედეგები იგრძნონ“, - წერს ჯო ბაიდენი განცხადებაში.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.