პირი, რომელმაც ქალაქ ლუცკში სამგზავრო ავტობუსი გაიტაცა, აცხადებს, რომ ქალაქში ხალხმრავალ ადგილას კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა განათავსა.
მამაკაცი ასევე ითხოვს, რომ ქვეყნის მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. აღნიშნული მიმართვა გამტაცებელმა სოციალურ ქსელებში ატვირთა. ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ „სახელმწიფო პირველი ტერორისტია“.
უკრაინაში, ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია და მას ასაფეთქებელი ნივთიერებაც აქვს. სამართალდამცველებმა ქალაქის ცენტრი გადაკეტეს. ადგილზე პოლიციისა და სპეცსამასახურების ძალებია მობილიზებული. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში ოცი ადამიანი იმყოფება.