ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, კვლევების თანახმად კორონავირუსით ქვეყანაში 25 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, ჰოსპიტალიზაცია კი 200 ათასზე მეტს დასჭირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Fars News-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, ინფექციას 14 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს თვეებში კორონავირუსით შესაძლოა 30-35 მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს.
ამასთან ერთად, ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსის 269 440 შემთხვევა დაფიქსირდა, 13 791 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.