რატომ უწოდებს თავს ლევან გაჩეჩილაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მოტყუებულს, ამას მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ხელისუფლებამ, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოვიდა, ვერ გაიგო, რომ ხალხი კი არ ეკუთვნის ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს. ხელისუფლებას, რომელსაც ეს აუცილებელი რამ ვერ გაუგია, ხალხი ფეხებზე ჰკიდია. ხელისუფლება მოძალადედ იქცა, სწორედ ის არის უპირველესი კანონის დამრღვევი. ძალაუფლების მოპოვებისთანავე დააჭირა ძალადობის პედალს ფეხი და რაკი ამით გაუადვილდათ მართვა, იფიქრეს, ამ პედალზე მაგრად უნდა გვეჭიროს ფეხიო, მაგრამ ხალხმა გაიღვიძა, სწორედ მან აიძულა მიხეილ სააკაშვილი, რომ პატრიარქსა და ეკლესიასთან ფარისევლობა დაეწყო, - თითქოს კარგად არის ეკლესიასთან.
1999 წელს თქვენ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყავით. მაშინ ის სხვანაირი იყო?
- მაშინ სხვა დრო იყო. სააკაშვილი პროპაგანდის დიდოსტატია (ეს არ უნდა დავუკარგო), ძალიან ცოტაა საქართველოში ისეთი, ვინც მიშა სააკაშვილმა ვერ მოატყუა. ერთ-ერთი მოტყუებული იმ დროს მეც ვიყავი... მაშინ გულწრფელად ვეხმარებოდი. მერე, რაკი მივხვდი, რა მატყუარაც იყო, ხმა არ მიმიცია საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმც სულ მეგონა, ახალგაზრდა კაცია, იწვალებს და ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს-მეთქი, მაგრამ უფრო მოვტყუვდი.
ხელისუფლებამ ოპოზიციის აქციების უგულებელყოფის მეთოდი აირჩია... პრეზიდენტმა კი მთავრობის სხდომაზე ცეცხლი დაანთო და მონოპოლისტებს შეუტია.
- ეს სააკაშვილის მორიგი ტყუილი და ფარისევლობაა, მაგრამ ესეც ოპოზიციის მიღწეულია. ისე იქცევიან, თითქოს 28 სექტემბერი არც ყოფილა. მინდა მათ გასაგონად ვთქვა: 28 სექტემბერიც იყო და 2 ნოემბერიც იქნება. ისეთი 2 ნოემბერი, რომ ხელისუფლებას საქციელი წაუხდება.
ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში მყარდება, ბენდუქიძის სახელობის ბაკქანალიაა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მიზანმიმართულად ხდება საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის მთავარი აქტივების მოშორება, ყველა მარეგულირებელი ინსტიტუტის გაუქმება, მათ შორის ანტიმონოპოლიური სამსახურისა. რაკი ეს ინსტიტუტი აღარ არსებობს, ამიტომაც გაბატონდნენ მონოპოლიები. იგივე მოხდება საბანკო სისტემაშიც, თუ ეროვნული ბანკი გაუქმდება (ბენდუქიძეს უნდა მისი გაუქმება).
ყველა ეს ინსტიტუტი საქართველოს სჭირდება ეკონომიკური პოლიტიკის გასავითარებლად. მაშინ ბენდუქიძისთანები ვეღარ იქნებიან ბიზნესსა და ხელისუფლებაში ერთდროულად. მაქვს ინფორმაცია, რომ ნახევარ თბილისს ბენდუქიძის კომპანია აშენებს. ვაკეში ძალიან ბევრი ობიექტი აქვს, ვაკის დეპუტატი ვარ და ვიცი, - ჩემთან საჩივრები შემოსულა. მახსოვს ჩემთან შემოსულ წერილებში ლაპარაკი იყო ვაკის აუზის გვერდით მშენებარე ობიექტსა და კუს ტბის ასახვევის კუთხეში მშენებარე სახლზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც ეს კაცი სახელმწიფო მინისტრია. მინდა მიშას მისი ცნობილი ტყუილი გავახსენო, - არც ერთი ჩემი მინისტრის ნათესავი ბიზნესში არ იქნებაო.
სააკაშვილის გარემოცვის უმთავრესი მიზანი დიდი ფულის კეთებაა და არა ქვეყნისთვის გარჯა. არც მიკვირს, ზოგიერთ ჩინოვნიკს კვერცხის, მარილის, ხორცისა თუ ბენზინის ბიზნესი რომ აქვს. არც ის მიკვირს, ბენდუქიძე და კეზერაშვილი ფულს რომ შოულობენ, რადგან საქართველო სააკაშვილს შპს “მიხეილ სააკაშვილი” ჰგონია. ისე გამდიდრდნენ, ფულს ფულს აღარ ეძახიან. ეს ხალხი სხვა რეალობაში აღმოჩნდა და რთული იქნება მათი დიალოგზე დათანხმება.
ოქრუაშვილის თქმით, რკინიგზა სააკაშვილის ახლობელს, შარანგიას ჰქონდა ნაყიდი, მაგრამ ხომ ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა.
- ეს ოქრუაშვილის განცხადებების გამო მოხდა. მისმა განცხადებებმა ძალიან ბევრი რამე, - წილის, მიწისა თუ სხვა ქონების წართმევა შეაჩერა. შეაჩერა ბევრი ადამიანის დაჭერაც, მაგრამ ესეც ფარისევლობა მგონია. ასეთი ვითარება რომ არ შექმნილიყო, ხელისუფლება უფრო დიდ ძალადობაზე წავიდოდა.
რას ელით 2 ნოემბერს?
- თუ ცოტა ხალხი მოვა, ხელისუფლებას ყველაფრის გაკეთების უფლება ექნება, მათ შორის იმისაც, რომ ქართული თვითმყოფადობა დაანგრიოს. თუ ბევრი ხალხი მოვა, ხელისუფლებას აღარაფრის უფლება აღარ ექნება და რამდენადაც მეტ ძალადობას გამოიჩენენ, მით მალე მოშორდებიან აქაურობას. თუ სააკაშვილს არ ეშინია, ორში მიტინგზე მოვიდეს. ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ.
ირაკლი ოქრუაშვილი თუ გამოჩნდება 2 ნოემბრის აქციაზე და კიდევ, იქნებ გვითხრათ, რა სახის ზეწოლა მოახდინეს მასზე?
- ირაკლი ოქრუაშვილის გამოჩენამ საჯარო პოლიტიკაში ბევრი რამ შემატა საქართველოსა და ქართულ ოპოზიციას. ის, რაც ირაკლიმ გააკეთა, ადვილი არ იყო. რა სიმძიმის ბრალდებებიც მან წამოაყენა, ზუსტად ისეთივე სიძლიერის ზეწოლა მოახდინეს მასზე. რა ფორმებით და როგორ, დრო მოვა და ამას თვითონ იტყვის ირაკლი. ის ჭკვიანი კაცია და ვფიქრობ, დაბრუნდება პოლიტიკაში.
ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს ისევ სვამს ხელისუფლება, ფულის კეთება ყოფილ მინისტრს არ უნდა ეპატიოსო.
- პასუხი ყველამ უნდა აგოს, ოღონდ მაშინ, როდესაც სასამართლო თავისუფალი იქნება. როცა ფეხბურთის თამაშის დროს მსაჯი შენია, ნებისმიერ თამაშს მოიგებ, - მსაჯი როცა გინდა, მაშინ დაგინიშნავს პენალტს. ჯერ მივაღწევთ იმას, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო გათავისუფლდეს და მერე სააკაშვილი აგებს პასუხს, უგულავა თუ ოქრუაშვილი, ყველა დავინახავთ.
ის ბრალდებები, რაც ირაკლიმ გაახმაურა, საზოგადოებამაც იცოდა, მაგრამ მისი პირით ნათქვამს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა და ძალა.
ხალხს ყელში ამოუვიდა სიდუხჭირე. საკვების, სადმე წასვლისა და გათბობის საშუალება აღარ აქვს. ბოლო დროს კატასტროფულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე რომ ვლაპარაკობ, მეუბნებიან, - რა გინდა, უძრავი ქონების ბიზნესი ხომ გაფართოვდაო. უძრავი ქონების ბიზნესის განვითარება სწორედ რომ ცუდი ეკონომიკური განვითარების მახასიათებელია, - ფული უძრაობაში იდება და არა მოძრაობასა და განვითარებაში.
მაგალითს მოგიყვანთ: მეღვინეობის დარგი საქართველოში, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. განა იმიტომ, რომ რუსული ბაზარი დაიკეტა. რა თქმა უნდა, ესეც არის მიზეზი, მაგრამ ხელისუფლებას თითი თითზე არ დაუკარებია, რომ ალტერნატიული ბაზრების მოტივირების სქემა დაედო. ასეთი საქმის მცოდნე კაცი დღეს ხელისუფლებაში არ არის.
ითქვა, რომ ჯი-ვი-ესს არ ჩაუბარებია წელს ყურძენი.
- იმიტომ არ იბარებს, რომ ბაზრის 60 პროცენტი დაკარგა. გარდა ამისა, ჯი-ვი-ესს ყველაზე დიდი ვენახები აქვს და 2 ათასი ტონა ყურძენი დაწურა. საკუთარი ყურძნით დაყენებული ღვინის გასაყიდი ბაზარიც აღარ აქვს და რას შეიძენდა.
ოპოზიციას ხელისუფლება პრორუსობას გწამებთ.
- ეს კუთხეში მიმწყვდეულის პოზიციაა. ოპოზიციის რუსეთთან დაკავშირება არ გამოვა, ჩვენ სწორედ რომ დასავლური ორიენტაციის ხალხი ვართ. ამის დასტური თუნდაც ისაა, რომ გასულ კვირას აშშ-ის ელჩს შევხვდით. მასთან სულ ორი საკითხი დაისვა: ამერიკამ შეასრულოს შუამავლის ფუნქცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რათა კრიზისი ჩიხში არ მოექცეს; და მეორე - თუ აშშ გულგრილი იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი, საზოგადოებაში ანტიამერიკული განწყობილება გაიზრდება.
ანტიამერიკული განწყობილების მიზეზი მხოლოდ მიშა არ არის, აქ აშშ-ის წარმომადგენლობის ბრალეულობაცაა. დემოკრატიული ფასეულობები ყველა ქვეყანაში ერთნაირად არ ითესება. ქართველს ქართულად უნდა მიუდგე, რუსს რუსულად, სომეხს კი სომხურად. გლობალური ფასეულობების მიღება ეროვნულის დაკარგვის ფასად შეუძლებელია.
ხალხს მიშა სააკაშვილისაც სჯეროდა 3 წლის წინ, ახლა კი გულგატეხილია. თქვენ რატომღა დაგიჯერებენ?
- როდესაც პარლამენტში ერთმანეთის კონკურენტი კოალიციური პარტიები შევლენ, ხალხისთვის კარგის გაკეთებით თუ შეეჯიბრებიან ერთმანეთს. საბოლოოდ, მათი კონკურენციით ქვეყანა და ხალხი მოიგებს.