აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქმედებებში თადარიგში მყოფი სამხედროები ჩაერთვებიან

აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქმედებებში თადარიგში მყოფი სამხედროები ჩაერთვებიან

აზერბაიჯანის მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დავალებების შესრულებაში თადარიგში მყოფი სამხედროები ჩაერთვებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ უხდის მადლობას პატრიოტიზმისთვის მოქალაქეებს, რომლებმაც ფრონტზე მოხალისედ წასვლის სურვილი გამოთქვეს. თუმცა ამჟამად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სრულად არის დაკომპლექტებული ისე, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ადგილობრივ ქვედანაყოფებში თადარიგში მყოფ სამხედროებს გავიწვევთ, თუმცა დღეისათვის ასეთი აუცილებლობა არ დგას“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

12 ივლისს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.