სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებების დროს 10 სომეხი სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ Facebook-ზე სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი, შუშან სტეფანიანი წერს.
„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე მომხდარი საბრძოლო მოქმედებების დროს 10-მა სამხედრო მოსამსახურემ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ერთი მათგანი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია, 5-ის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა, თუმცა აღენიშნებათ დადებითი დინამიკა. დანარჩენები მწყობრში მიმდინარე კვირის განმავლობაში დაბრუნდებიან“, - წერს სტეფანიანი.
12 ივლისს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.