აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთი-აზერბაიჯანის კონფლიქტს ეხმიანება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, აშშ მკაცრად გმობს სომხეთ-აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვარზე მომხდარ ძალადობის ფაქტებს.
„მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ ძალის გამოყენება, გამოიყენონ მათ შორის არსებული კომუნიკაციის არხები იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული შემდგომი ესკალაცია და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, მხარეებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაში დაეხმაროს და მხარეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მოლაპარაკებები.
12 ივლისს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანული მხარე სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს, ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ დანაკარგი არ აქვთ.