კულუარული ინფორმაციით, მალე ახალი პარტიის შექმნას ვარაუდობენ, რომლის დამფინანსებელი ბადრი პატარკაციშვილი იქნება, თავმჯდომარე კი, სავარაუდოდ, გიორგი თარგამაძე.
“დროების” წამყვანს პოლიტიკური გამოცდილება არ აკლია, ამიტომაც მისი პოლიტიკაში დაბრუნების ვერსია სულაც არ ჩანს დაუჯერებელი. ახალ პარტიაში ზურაბ ჟვანიას ძმის, გოგლა ჟვანიას გამოჩენასაც ვარაუდობენ. გარდაცვლილი პრემიერის ძმა, რომელმაც სამართალი დღემდე ვერ იპოვა, პოლიტიკაში მოსვლით შეეცდება ძმის გარდაცვალების ბურუსით მოცულ საქმეს მოჰფინოს ნათელი. ამ საქმეში კი ის, როგორც გვითხრეს, ჟვანიას თანამებრძოლებზე მეტად პატარკაციშვილს ენდობა, ამერიკელებზე მეტად კი რუსებს.
ამ პარტიაშივე ელიან “სახალხო ფორუმის” წევრის, ექსტრადიციონალისტ გუბაზ სანიკიძის გამოჩენას. კახა შარტავას “ეროვნული ფორუმი”, ვალერი გელბახიანის მიერ ახალდაარსებული ფრაქცია “ჩვენი საქართველო” და მომავალში შესაქმნელი პატარკაციშვილის პარტია, - ეს მეტად საინტერესო სამკუთხედია, რომლის სუბიექტებს (თუ თვალს გადავავლებთ) საერთო მეტი აქვთ, ვიდრე განმასხვავებელი. მით უმეტეს, რომ გელბახიანის ერთმა თანაფრაქციელმა დაუფარავად გვითხრა, - ბადრისთან ისედაც გვაკავშირებენ და თუ თვითონაც დაგვიკავშირდება, ურიგო არ იქნებაო.
ინფორმაციის შემოწმება გუბაზ სანიკიძესთან ვცადეთ:
ბატონო გუბაზ, ამბობენ, რომ მალე ბადრი პატარკაციშვილის პარტიაში გიხილავთ.
- თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ამას მეკითხება და ძალიან მაინტერესებს, ვინ არის ამ ინფორმაციის წყარო. არც კი ვიცი ამ პარტიაზე არაფერი, ე. ი. ჭორია.
იქნებ ბადრი პატარკაციშვილისადმი თქვენი დამოკიდებულება გახდა ამ ინფორმაციის საფუძველი?
- შეიძლება, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ბადრი პატარკაციშვილს არასოდეს შევხვედრივარ. მე ეროვნული ფორუმის წევრი, მისი დამფუძნებელი ვარ და არსად ვაპირებ წასვლას... მალე ნახავთ, ოპოზიციის ბრძოლა 2 ნოემბერს ჩვენი და ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემო შეიქმნება და არჩევნებიც კონსტიტუციურ ვადაში ჩატარდება. თუ არ დათანხმდება ხელისუფლება, ამ საქმეს შეეწირება.
“კვირის პალიტრამ” გიორგი თარგამაძესაც სთხოვა კომენტარი:
გიორგი, ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკაში ბრუნდებით.
- თუ ჩემს გეგმებში რაიმე შეიცვლება, ვალდებულიც კი ვარ, ეს საჯაროდ განვაცხადო. ამჟამად კი გეტყვით, რომ კოლეგებთან ერთად ტელევიზიაში ვაკეთებ ჩემს საქმეს.
ითქვა, რომ ბატონი ბადრი პატარკაციშვილი აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას, თქვენ კი პარტიის თავმჯდომარედ მოიაზრებით.
- ბატონი ბადრის შესახებ ერთი რამ ვიცი, - მან საკმაოდ სერიოზული განაცხადი გააკეთა იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს ამ ქვეყნის მომავალს. რაიმე კონკრეტული პოლიტიკური გეგმის შესახებ, ჯერჯერობით, არაფერი უთქვამს და თუკი ასეთი რამ ექნება, ალბათ, თავად განაცხადებს. ამჟამად ჩემი და მისი ურთიერთობა ისეთივეა, როგორიც აქამდე იყო, - ტელევიზიის მფლობელისა და ჟურნალისტისა და ტელევიზიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის... არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი ტელევიზია შეტევის ობიექტი გახდა, ის დიდი ხანია ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მით უმეტეს, მეც ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს... ვიმეორებ, თუკი რამე შეიცვლება, უსათუოდ განვაცხადებ.
თქვენთვის პოლიტიკა უფრო საინტერესო სფეროა თუ ჟურნალისტიკა?
- ორივე საინტერესოა... მთავარია, როდესაც ჟურნალისტიკაში ხარ, ჟურნალისტი იყო, პოლიტიკაში კი - პოლიტიკოსი.