სამეფო უბნის თეატრში, ბევრ ანტიკვარულ ნივთთან ერთად კედელზე გამოკრულ ძველ ფოტოებსაც შეხვდები - თითქოს ეს შენობა მასპინძლობდა საუკუნის წინანდელ მსახიობებსაც, ახლა რომ სურათებიდან გვიცქერიან. არადა, არც ისე დიდი ხნის წინ აქ მხოლოდ ჩამოქცეული დარბაზები იყო და მერაბ თავაძისა და იზა გიგოშვილის დიდი მონდომებით დაიბრუნა მან პირვანდელი სახე.
ბატონ მერაბს თეატრში ვეწვიეთ, თუმცა ამჯერად არა თეატრზე, არამედ თავად მასზე ვისაუბრეთ.
თქვენი აზრით, მსახიობობის გენეტიკური კოდიც არსებობს?
- არსებობს, მაგრამ მე ბავშვობაში ამისი ნიჭი არასოდეს მიგრძნია და არანაირი სურვილიც არ მქონია მსახიობობისა. 6 წლიდან ცურვაზე დავდიოდი, გავყევი კიდეც სპორტს, ვიდრე თეატრალურ ინსტიტუტში არ მოვხვდი. ესეც შემთხვევითი იყო. იძულებული ვიყავი, თეატრალურში შევსულიყავი, რადგან სხვა უმაღლესი არ მღებულობდა ჩემი ბავშვური, უნებლიე და გულწრფელი პოლიტიკური ფრაზის გამო...
რომელ პოლიტიკურ ფრაზას გულისხმობთ?
- 1959 წელს, მაშინ IX კლასში ვიყავი, გაკვეთილი გვიცდებოდა და მასწავლებელმა გვითხრა, - ხრუშჩოვის მიერ ყრილობაზე წარმოთქმული სიტყვა უნდა წავიკითხოთო. წამოვდექი და წასვლა დავაპირე, თან ვთქვი: მაგ სულელი ხრუშჩოვის სიტყვას არ მოვუსმენ-მეთქი. როგორც ჩანს, 1956 წელს მიღებულმა შთაბეჭდილებებმაც ითამაშა როლი - მჯეროდა, რომ ხრუშჩოვი საქართველოს მტერი იყო.
ეს იყო და ეს... ატყდა ერთი ამბავი. სკოლიდან ხომ გამრიცხეს, მხოლოდ ღამის სკოლაში მიმიღეს და ისიც ე.წ. “მგლის ბილეთით” დავამთავრე, რომლითაც არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ მიღებდნენ. ამ ერთმა ფრაზამ ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება. საშინელ დღეში ჩაცვივდნენ ჩემი მშობლებიც. ისინი ინჟინრები იყვნენ. მეც მიყვარდა მათი პროფესია (სხვათა შორის, ეს ძალიან გამომადგა სამეფო უბნის თეატრის მშენებლობაში, რომელიც პრაქტიკულად საკუთარი ხელით გავარემონტე)... მინდოდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლა, მაგრამ იქ არავინ მიმიღებდა. მხოლოდ უცხო ენათა ან თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის შანსი მრჩებოდა. თეატრალურის რექტორი, ილია თავაძე, ჩვენი ახლო ნათესავი იყო. ისე ჩავირიცხე, წარმოდგენა არ მქონდა, სად მივდიოდი. სხვათა შორის, თეატრალურში რეპრესირებული პედაგოგებიც გვყავდა (საშა მიქელაძე, აკაკი ფაღავა), რომლებიც თამამი განცხადებების გამო ციხეშიც ისხდნენ, მაგრამ ჩვენთან ამაზე ვინ ილაპარაკებდა! ჩემს ჯგუფში იყვნენ იზა გიგოშვილი, გოგი ხარაბაძე, გია მატარაძე. ისინი თეატრალურისთვის იყვნენ დაბადებულები. მე კი არაფერი მესმოდა.
თუ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება დღეს, ის საბედისწერო ფრაზა რომ არ ყოფილიყო?
- არ ვიცი... ვიცი მხოლოდ ის, რომ რაც იყო, უნდა ყოფილიყო, ასე უნდა მომხდარიყო. საერთოდ, მსახიობის პროფესიას რომ შემოვრჩი, სერგო ზაქარიაძის და ეროსი მანჯგალაძის დამსახურებაა. სერგო ზაქარიაძეს ფილმის გადაღებისას შევხვდი. “ზღვის ბილიკში” მთავარ როლს თამაშობდა, მე - ეპიზოდურს (მოცურავის). ვუყურებდი და მიკვირდა, რამხელა ენერგიას ხარჯავდა, მაღაროელივით შრომობდა. ბატონმა სერგომ არ იცოდა კარგი ცურვა. გადაღებისას მეზღვაურის მაისურის ქვეშ სპეციალურ ტივტივას იკიდებდა, რომ წყალში არ ჩაძირულიყო. არ ეზარებოდა არც სიცივეში, არც ქარში დგომა და პირველი უჩვენებდა ყველას ყველაფერს წყალშიც და ხმელეთზეც.
იმის მოწმეც ვარ, როგორ იქმნებოდა “ჯარისკაცის მამის” სცენარი. ბათუმში, სასტუმრო “ინტურისტში”, გვერდიგვერდ ვცხოვრობდით მე, ბატონი სერგო, რეზო ჩხეიძე, სულიკო ჟღენტი. სცენარი იწერებოდა სერგო ზაქარიაძის ოთახში. გასუსული ვიყავი, - ვიდრე ფილმს გადაიღებდნენ, ჯარისკაცის მამის როლი უკვე ითამაშა სერგო ზაქარიაძემ ბათუმის სასტუმროს ოთახში. მარტო ფრაზები მესმოდა, ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი, როგორ თამაშობდა ბატონი სერგო.
ბრძანეთ, ჩემი მსახიობობა ბატონი ეროსის დამსახურებაცააო. ეროსი მანჯგალაძესთან ახლო ურთიერთობა გქონდათ?
- ეროსი მანჯგალაძე ჩემზე 15 წლით უფროსი იქნებოდა. თითქმის მეზობლები ვიყავით ბარნოვის ქუჩაზე. ის მარტო ცხოვრობდა. როცა რაიმე აწუხებდა, დაგვირეკავდა - შენ და იზა გადმოდითო. გავიდოდით და ვსაუბრობდით. ბავშვივით გულწრფელი ადამიანი იყო. ხუმრობითაც რომ ეთქვა ვინმეს რამე, მძაფრად განიცდიდა. გარდაცვალების დღეს დილით, მე და ეროსი “ლეჩკომბინატში” შევხვდით ერთმანეთს. დღეში სამჯერ რომ შევხვედროდით, სამჯერვე გადავეხვეოდით. იმ დღეს ასე არ ყოფილა, მოვკარი თვალი, როგორ გაიარა დერეფანში. მერე გარდერობში ვნახე. ყელზე იხვევდა თავის თეთრ შარფს. შევამჩნიე, რომ შარფი და სახე ერთნაირი ფერის ჰქონდა. წავედი მისკენ და ვკითხე, - ერიკო (ასე ვეძახდით), რა დაგემართა-მეთქი. არ მომეკარო ძალიან გთხოვო, - მითხრა და უკან დაიხია. დღესაც არ ვიცი, რატომ თქვა ეს. ამ ფრაზამ გული ჩამწყვიტა. მიბრუნდა და წავიდა. ეროსი ძალიან გულნატკენი იყო თეატრზე. არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
მაშინ “თოჯინები იცინიან” გავიხსენოთ. გიყვართ ეს ფილმი?
- თავიდან არ მომწონდა, იმიტომ რომ ისეთ როლს ვთამაშობდი, სულ რომ არ მგავდა. არასოდეს ვყოფილვარ “დედიკოს ბიჭი”. არც ბებიებს უდევნიათ ჩემთვის. დიდი ხნის მერე მივხვდი, რამხელა ბედნიერება იყო იმ ფილმში დიდ მსახიობებთან ერთად მონაწილეობა. ფილმის დამთავრების შემდეგ ქუჩაში გამოსვლაც კი მიჭირდა. ბუმი იყო ჩემი პერსონაჟის გამო.
იპოლიტე ხვიჩიასთან თამაში ალბათ სახალისოც იყო...
- იპოლიტეს ისაზღვრო იუმორი ჰქონდა. ნებისმიერი ფრაზა, რასაც ის წარმოთქვამდა, უკვე სასაცილო იყო. ჩემი სინჯები აუტანელი იყო ამის გამო. იპოლიტე დამტკიცებული იყო როლზე. შვილის როლზე კი 15 კაცს გვსინჯავდნენ. შევხედავდი იპოლიტეს და მეცინებოდა. ფირი ფუჭდებოდა. რეჟისორი, ნიკოლოზ სანიშვილი, ყვირილით ანგრევდა იქაურობას - მოგხსნი როლიდანო! ვეხვეწებოდი: გააჩერეთ ეს კაცი და აღარ გავიცინებ-მეთქი. იპოლიტე გვერდით გასწიეს და მხოლოდ მაშინ მოვახერხე თამაში.
მარინე თბილელი როგორ დაგამახსოვრდათ?
- მასთან, ამ ფილმის გარდა, მარჯანიშვილის თეატრშიც ვითამაშე “მთვარის მოტაცებაში”. ის კაროლინას თამაშობდა, მე - თარაშ ემხვარს. მასავით არავის უყვარდა სიცოცხლე. ძალიან მტკივა გული, ცოცხალი რომ აღარ არის. სხვათა შორის, პანთეონში რომ შევდივარ, ასე მგონია, ერთ-ერთ ჩემთვის ყველაზე ახლობელ “სახლში” მივდივარ. იქ განისვენებს იზა, ჩემი შვილიშვილის დიდი ბაბუა - კოტე მახარაძე, ბატონი გოგი გეგეჭკორი, რომელიც ჩემი უახლოესი ადამიანი იყო, ჩემი მეგობარი - კოკა იგნატოვი, თენგიზ აბულაძე, ლენა ყიფშიძე...
ამბობენ, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს სანდრო ჟორჟოლიანი ცხოვრებაში, არასოდეს დაავიწყდებაო. როგორი იყო ის?
- მეცინება, რომ ვიხსენებ. სულ მეგონა, რომ სანდრო ჟორჟოლიანი და სესილია თაყაიშვილი ერთი ოჯახი იყო... არა მარტო მათ, მათი თაობის სხვა არტისტებსაც უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი. სანდრო ჟორჟოლიანს ძალიან უყვარდა ქალები. ყველასთვის შეეძლო ქათინაურის თქმა. შინაგანად რაინდი იყო. ჩემს თავს ვეკითხებოდი: ნეტავ, მის ასაკში შევინარჩუნებ ამ თვისებებს თუ არა-მეთქი.
შვილიშვილმა რომ გკითხოთ, რას უამბობთ თქვენი ახალგაზრდობის დროინდელი რუსთაველის თეატრის შესახებ?
- კარგად ვიცი, რას არ ვუამბობ. თეატრი ურთულესი ორგანიზმია. მის არსებობას უზარმაზარი შინაგანი ძალა სჭირდება. დაე, თვითონ დაინახოს, რა არის თეატრი.
ახლა რომ არჩევანის წინაშე დადგეთ, კინოში მუშაობას ირჩევთ თუ აქ, სამეფო უბნის თეატრში?
- ჩემთვის კინო სულ სხვაა.. როგორც კი საშუალება მომეცემა, ფილმს გადავიღებ.
თუ გაქვთ წარმოდგენილი, რაზე შეიძლება იყოს თქვენი მომავალი ფილმი?
- რამდენიმე წლის წინ დავწერე სცენარი ჰოლივუდისთვის ბიბლიურ მეფე დავითზე. რაღაც პირობებმა შემიშალა ხელი, რომ ვერ გადავიღე. ახლა ამ სცენარის წიგნად გამოცემას ვაპირებ. როცა იქ მეკითხებოდნენ: რისთვის აკეთებ ბიბლიურ მეფე დავითზე ფილმსო, ვპასუხობდი, რომ თუკი ეს ფილმი შეიქმნებოდა, მომეცემოდა შესაძლებლობა - მეორე მეფე დავითზე, აღმაშენებელზე, გადამეღო ფილმი. თუკი ვინმე მოახერხებს აღმაშენებელზე ფილმის გადაღებას, ეს უზარმაზარი მოვლენა იქნება. მაგრამ ისმის კითხვა: წარმოვაჩენთ კი ჩვენს მეფეს ისე, როგორც საჭიროა? სწორედ ამისი ხორცშესხმა რჩება ჩემს ოცნებად...