ნაყინის მოსამზადებლად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი ნაღების გამოყენებაა. მაღალპროცენტიანი ნაღები კარგად ითქვიფება, კრემისებრ სტრუქტურას იძლევა, ძალიან კარგად იყინება და გაყინვის შემდეგ წყლად არ იქცევა. ასევე, ნებისმიერ დამატკბობელს მარტივად იღებს - უხდება ხილიც, კაკაოც, შოკოლადიც და მხოლოდ შაქარიც კი. შესაბამისად, ნაღებისგან თუ გადაწყვეტთ ნაყინის მომზადებას, ნამდვილად სრულყოფილ გემოს მიიღებთ.
ერთადერთი (მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი), რამაც იდეალური ნაყინის შექმნაში ხელი შეიძლება შეგიშალოთ, ნაღების ამოყვანის ტექნოლოგიაა. ასე რომ, სანამ მწარმოებელს, მიქსერს, ამინდს ან პლანეტებს დააბრალებთ გაწყალებულ ნაღებს, მანამდე დაფიქრდით, ყველა წესი გაქვთ თუ არა დაცული.
შეარჩიე მაღალპროცენტიანი ნაღები
როგორც არაჟნის კრემის მოსამზადებლადაა საჭირო მაღალპროცენტიანი არაჟანი, ასევეა ნაღების შემთხვევაშიც. რაც უფრო მაღალპროცენტიანია, მით უკეთესი. კრემებისა და ნაყინების მოსამზადებლად, ჩვეულებრივ, 33-35%-იანი ნაღები გამოიყენება. ის სწრაფადაც ითქვიფება, კარგადაც სქელდება და კონსისტენციასაც ინარჩუნებს.
ყველაფერი უნდა იყოს ცივი, ცივი და ცივი!
ნაღები კარგად და სწრაფად რომ ამოვიდეს, ყველა საჭირო ნივთი კარგად გაციებული უნდა იყოს. ამიტომ: 10-15 წუთის განმავლობაში მიქსერის ჩხირებიც და ჯამიც, რომელშიც ნაღები უნდა ამოიყვანოთ, საყინულეში შედგით. დარწმუნდით, რომ ყველაფერი სუფთა და მშრალია. ნაღებიც უშუალოდ მომზადების წინ გამოიღეთ მაცივრიდან და ოთახის ტემპერატურაზე ნუ გააჩერებთ.
სწორად შეარჩიე თქვეფის სიჩქარე
მიქსერის მაღალ სიჩქარეზე ჩართვა და მთელ სახლში ნაღების შხეფები ერთი იქნება! თუნდაც ამ შხეფებს გაუძლოთ, ნებისყოფა არ გეყოფათ, იმდენად დიდი ხანი დასჭირდება თქვეფას, ამიტომაც აჯობებს ოქროს წესს მივყვეთ: ვთქვიფოთ ნელა და ხარისხიანად. ასე რომ, მიქსერი დაბალ სიჩქარეზე ჩართეთ და ნელ-ნელა მოუმატეთ. შხეფებიც არ შეგაწუხებთ და კრემიც უკეთ ამოვა.
არ თქვიფო ძალიან დიდხანს
თითქოს, დიდხანს თქვეფამ რა უნდა დაგვიშავოს, არა? მაგრამ ზუსტადაც რომ არა! კრემისებრ მასას მიიღებთ თუ არა (მიქსერის ჩხირებიდან რომ არ იღვრება), მაშინვე უნდა გაჩერდეთ, რადგან ზედმეტად გათქვეფილი ნაღები კარაქად გადაიქცევა. თუ ნაღების კარაქი გსურთ, კი ბატონო, მაგრამ მისგან ნაყინის მიღება გაგიჭირდებათ.
სწორად შეარჩიე დრო დამატკბობლის დასამატებლად
ნაყინის მომზადების დროს ზოგი თავიდანვე უმატებს შაქარსა თუ შედედებულ რძეს და მათთან ერთად ამოჰყავს კრემი, მაგრამ საუკეთესო დრო მაინც მაშინაა, როცა ნაღები სანახევროდ გასქელდება და არაჟნის კონსისტენციას მიიღებს. დამატკბობლად შაქრის ფხვნილის გამოყენებას გირჩევთ, გრანულებიან შაქართან შედარებით უკეთესად შეერევა კრემს და არ ჩაგიგდებთ. ასევე ძალიან კარგია შესქელებული რძე, დაბლენდერებული ხილი, მწიკვი ვანილი, კაკაო.