მილფეა მარწყვის ჯემით - ნაპოლეონის ალტერნატივა

მილფეა მარწყვის ჯემით - ნაპოლეონის ალტერნატივა

მილფეა ფენოვანი ცომით მომზადებული უგემრიელესი ნამცხვარია, რომელიც `ნაპოლეონს" მოგვაგონებს. ამ ნამცხვრის მოსამზადებლად ფენოვანი ცომი დაგვჭირდება.

ინგრედიენტები

მზა ფენოვანი ცომი - 4 ფენა

მარწყვის ჯემი - 150 გ

კრემისთვის:

ფქვილი - 0,5 ჭიქა

კვერცხის გული - 2 ცალი

შაქარი - 1 ჭიქა + 3 ჩ/კ

რძე - 1,5 ჭიქა

კარაქი - 100 გ, დარბილებული

ვანილი

შაქრის პუდრა – მოსაყრელად

მომზადების წესები

ცომის ფენა მოვათავსოთ ქაღალდდაფენილ, ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე. ზემოდან მოვაფრქვიოთ 0,5 ჩ.კ. შაქარი, დავაფინოთ მეორე ქაღალდი, წავუსვათ ფუნჯით წყალი და დავადოთ მეორე თუნუქის ფურცელი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

15 წუთის შემდეგ ფენა გამოვიღოთ, მოვაშოროთ ქაღალდი, ამოვატრიალოთ, მოვაფრქვიოთ 0,5 ჩ.კ. შაქარი, მეორე ქაღალდი ისევ დავაფაროთ და შევაბრუნოთ ღუმელში 10 წუთით. ამ მეთოდით გამოვაცხოთ დანარჩენი 3 ფენაც.

კვერცხის გულები და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ფქვილი და ნელ-ნელა დავასხათ რძე. კრემის მასა მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. როცა ადუღდება, 2 წუთი გავაჩეროთ და გადმოვდგათ, შემდეგ ავურიოთ ვანილი და გავაცივოთ. გაგრილებულ კრემს შევათქვიფოთ კარაქი.

ნამცხვრის ერთ ფენას წავუსვათ კრემი, დავადოთ მეორე ფენა და წავუსვათ მარწყვის ჯემი. ზემოდან დავადოთ მესამე ფენა და წავუსვათ კრემი, მეოთხე ფენის ბოლოს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

კრემი ნამცხვრის ფენაზე შეგვიძლია საკონდიტრო ტომრით, ლამაზად დავადოთ.