სტალინის პირდაპირი დავალებით 1922 წლის 20 ივნისს რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა სპეციალური დადგენილება მიიღო, რომლის საფუძველზეც, მეფის მთავრობის მიერ, სხვადასხვა დროს გატაცებული, რუსეთის საცავებში დაცული სამუზეუმო ძვირფასეულობა და საარქივო კოლექციები, საქართველოს უნდა დაბრუნებოდა. ამ დადგენილების მიზანი არავის დაუფარავს: „მეფის ხელისუფლება ავიწროებდა საქართველოს, ითვისებდა და იტაცებდა ერის კულტურულ საგანძურს. საბჭოთა ხელისუფლებამ უნდა გამოასწოროს ეს შეცდომა. ამით რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობა განმტკიცდება“ – ოფიციალურად განაცხადა სტალინმა და განათლების სახალხო კომისრის მოადგილეს, ცნობილ ისტორიკოსს, პროფესორ პოკროვსკის სპეციალური მითითებები მისცა. აღნიშნული დადგენილების რეალიზების მიზნით, საგანგებო კომისია შეიქმნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ქართველ მეცნიერთა მონაწილეობით. ამის ორგანიზება კი რუსეთში საქართველოს მაშინდელ წარმომადგენელს, დამიანე ჯგუშიას დაევალა. კომისია ასეთი შემადგენლობით ჩამოყალიბდა. საქართველოს მხრიდან: – შალვა ამირანაშვილი, ვუკოლ ბერიძე (საგანგებო რწმუნებული), კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, პავლე ინგოროყვა და სარგის კაკაბაძე; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან: ნიკო მარი, მისი შვილი – იური, აკადემიკოსები – ოლდენბურგი, ბენედიქტოვი და ბარტოლდი. 1922 წლის 29 აგვისტოს კომისიის წევრების სერიოზული სამეცნიერო კამათი კონფრონტაციაშიც კი გადაიზარდა. იმპერიული ვირუსით დაავადებულ მხარეს, ხშირ შემთხვევაში, უსუსური, თითიდან გამოწოვილი არგუმენტები მოჰყავდა. მთავარი მაინც ის არის, რომ კომისიამ მიიღო დადგენილება: „ქართული წარმოშობის ყველა რეგალია და სიძველე, სათანადო დასაბუთების შემდეგ, გადაეცეს საქართველოს რესპუბლიკას“. ერთადერთი, ვინც რუსულ დელეგაციაში კაცურად მოიქცა, ნიკო მარი იყო. მან, მისმა ვაჟმა და შალვა ამირანაშვილმა ქართული ხელნაწერების სია შეადგინეს, რისთვისაც ზეადამიანური შრომა გაწიეს. თითქმის მთელი თვის განმავლობაში არ უძინიათ და მათი შეუფასებელი ღვაწლის წყალობით, ლენინგრადის აზიური მუზეუმიდან კოლექციამ საქართველოში გადმოინაცვლა. ამჟამად კი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდებშია დაცული.
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ეგრეთ წოდებულ, „ბოტკინის კოლექციიდან“ ქართული საგანძურის დაბრუნებას. შალვა ამირანაშვილმა უზარმაზარი შრომა გასწია და დაადგინა, რომ ის საბჭოთა კავშირის ძვირფასეულობათა სახელმწიფო საცავშია დაცული. მაგრამ, სამწუხაროდ, მისმა დირექტორმა ცივი უარით გამოისტუმრა. რუსული სტუმართმოყვარეობა კი ამ სიტყვებით გამოხატა: „ხუთი წლის შემდეგ მობრძანდით და შევძლებ გითხრათ, აღნიშნული კოლექცია ჩვენთან არის თუ არა“. ასეთი პოზიცია შემთხვევითი არ იყო. რუსი მეცნიერები ვერ ელეოდნენ ფასდაუდებელ ქართულ სიმდიდრეებს. ზოგ შემთხვევაში სასაცილო, უსამართლო არგუმენტები მოჰყავდათ – თითქოს თბილისს არ ჰყავდა პროფესიონალი მკვლევრები, რომლებიც ამ ძვირფას ძეგლებს მოუვლიდნენ, ამიტომ ჯობდა რუსეთში დარჩენილიყო. ჩვენ მოვუვლით და გამოვიყენებთ მაინცო. პატივცემული რუსი მეცნიერები მთავრობის გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიდნენ. მაგრამ, იყო შემთხვევები, როცა ქართულ სიძველეთა რეევაკუაციას ახერხებდნენ –– კომისიის წევრებს ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიდნენ, რომ განძის ნაწილი მაინც შეენარჩუნებინათ. ამ და მრავალი პრობლემის მიუხედავად, ქართველები სიძნელეებს არ ეპუებოდნენ და პატრიოტული მიზნების მისაღწევად ყველა საშუალებას იყენებდნენ.
იმდენი იტრიალა შალვა ამირანაშვილმა კრემლის ტერიტორიაზე, რომ 1923 წლის 12 აპრილს „შემთხვევით“ შეხვდა იოსებ სტალინს, აბელ ენუქიძესა და ალექსანდრე სვანიძეს. ბელადმა იკითხა, თუ როგორ მიმდინარეობდა კოლექციების მიღების საქმე და როგორც თავად იხსენებს, ეს სოლიდური მეცნიერი, კუნტრუშის ხასიათზე დადგა. ბატონი შალვა ვერ წარმოიდგენდა, რომ ათასი პრობლემის წინაშე მდგარი სოსო ჯუღაშვილი ამას ეტყოდა. ცხადია, მეცნიერს დელიკატურობა არ დაურღვევია. სტალინს მადლობა გადაუხადა, მაგრამ არ მოერიდა და დაბრკოლებების შესახებაც უამბო, რაც „ბოტკინის კოლექციებიდან“ ქართული საგანძურის დაბრუნებას ეხებოდა. სტალინმა შენიშვნაც კი მისცა მეცნიერს აღნიშნული ხელნაწერების მიღება-გადაბარების პროცესის დაგვიანების გამო, შემდეგ უბის წიგნაკი ამოიღო, ტელეფონის ნომერი ჩაწერა და ფურცელი მეცნიერს გადასცა. სთხოვა, ხვალ დილით, თერთმეტ საათზე დამირეკეთ და საქმის ვითარება მაცნობეთო. ენა ვერ გამოთქვამს, რაოდენ დიდი იყო ქართველი მეცნიერის სიხარული. მოგვიანებით, ჩანაწერებში იგი აღნიშნავს, რომ მთელი ღამე არ ეძინა, დილით კი სამუშაო დღე დაწყებულიც არ იყო, რომ საცავის დირექტორის კარს მიადგა. დირექტორმა აბეზარ მთხოვნელს დანახვისთანავე უთხრა: „ყმაწვილო, დროს ნუ კარგავთ, გიმეორებთ, რომ თქვენთვის საინტერესო საკითხი, მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გაირკვევაო“. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ამირანაშვილი არ დაიბნა და დელიკატურობისა და ზრდილობის ყველა ნორმის დაცვით, ტელეფონით სარგებლობის უფლება ითხოვა. მან გაბედა და რუსი „დერჟიმორდას“ კაბინეტიდან სტალინს დაურეკა, ქართულად ესაუბრა და საქმის ვითარება ამცნო. ბელადმა 15 წუთი ითხოვა, ამ დროის განმავლობაში კი საგანძურის დირექტორს სხვა ტელეფონით დაუკავშირდა და სასწრაფო განკარგულება გააცემინა. ამის შედეგია ის, რომ სხვადასხვა განძთან ერთად, ქართული მინანქრების კოლექცია – გელათიდან რუსების მიერ გატაცებული, მინანქრისგან დამზადებული ღვთისმშობლის ხატი, შემოქმედის ტაძრების ხატები, ჯვრები და მრავალი სხვა ფასდაუდებელი ქართული სიძველეები დღეს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ამშვენებს. ეს საგანძური, სპეციალისტების აზრით, არაფრით ჩამოუვარდება გენერალ დეგოლისთვის სტალინის მიერ წართმეულ (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) და დაბრუნებულ განძს, რომელსაც სულმნათმა ექვთიმე თაყაიშვილმა, დიდი რუდუნებით მოუარა. მაშინ პრობლემა ის იყო, რომ საფრანგეთმა 1935 წელს პარიზში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საელჩო გააუქმა, რადგან საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, იურიდიულად – დე-ფაქტო და დე-იურედ ცნო. აქედან გამომდინარე, არარსებული სახელმწიფოს ქონება საფრანგეთს რჩებოდა. მაშინ ბელადმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ეს საკითხი მოაგვარა. თუმცა, ეს ცალკე საუბრის თემაა, ისევე როგორც თაყაიშვილისა და კომუნისტი ჯუღაშვილის პირადი ურთიერთობები.
აკადემიკოსი ბენედიქტოვი, ერთ-ერთი მათთაგანი იყო, ვინც კბილებით იცავდა პოზიციას, რომ საგანძური რუსეთიდან არ გაეტანათ და ამისთვის „სერიოზული“ არგუმენტებიც ჰქონდა – ცხადია, ჩვენ ვერ მოვუვლიდით. რამდენიმე დღეში მას 50 წელი შეუსრულდა და საკმაოდ კარგი იუბილეც გადაიხადა. ერთადერთი, რამაც შეაშფოთა, ის იყო, რომ მეორე დილით ტელეფონით სტალინთან, კრემლში გამოიძახეს. მთვრალმა მეცნიერმა გონება მაქსიმალურად დაძაბა და მისვლაზე ბოდიშის მოხდით უარი თქვა, რაც ჯანმრთელობის ცუდ მდგომარეობას გადააბრალა. ბელადმა მანქანა გაუგზავნა და აუდიენციაზე მისვლა უბრძანა. რუსმა ინტელექტუალმა ყველა ზომა მიიღო – ყავა, ცივი შხაპი და სხვა, მაგრამ ცნობილია, რომ არაყს დიდი ძალა აქვს... სტალინის კაბინეტში მაგიდაზე ჩაის სერვიზი იდგა. დასხდნენ, სტალინმა მას იუბილე მიულოცა და ლენინის ორდენით დააჯილდოვა. შემდეგ ჰკითხა, რას ისურვებ, კაცი 50 წლის ცხოვრებაში ერთხელ ხდებაო. იოსებ ბესარიონის ძევ, გთხოვთ, მომიხსნათ ყველა სასჯელი, რაც კი მუშაობის პერიოდში მიმიღიაო, – უპასუხა ბენედიქტოვმა. სტალინმა მომენტალურად აიღო ყურმილი და ბრძანა: მოამზადეთ საკითხი ბენედიქტოვისთვის საყვედურების მოხსნის შესახებ. 50 წლის კაცს სულ რაღაც 30 საყვედური აქვსო. იუბილარს კი, რომელიც გაოცებული დარჩა, თუ საიდან იცოდა სტალინმა საყვედურების ზუსტი რაოდენობა, თბილად მიმართა, ქართული ჩაი დაძაბულობას მოგიხსნისო. რუსმა მეცნიერმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ „ფორმაში“ არ იყო, ჭიქა ხელში აიღო, ჯერ სითხის ტემპერატურა მოსინჯა (აშკარად ცივი იყო), პირთან მიიტანა და როცა საუცხოო კონიაკის არომატი შეიგრძნო, ადამიანად იქცა და გონებაც გაეხსნა და – მშვენიერი სადღეგრძელო თქვა: „ჟივიტე დოლგო ოტეც ნაროდოვ“. „ჩაი“ სულმოუთქმელად დალია. ასე გაიცვალა ლენინის ორდენი, გაუქმებული საყვედურები და კონიაკი, ქართულ საგანძურზე.