კრწანისში, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ უბანში, "თავისუფალი დემოკრატების" კრწანისის რაიონის ხელმძღვანელი ტატო გალდავა და სამგორის გამგებლის მოადგილე ბესიკ გაზდელიანი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
გალდავა კრწანისის მცხოვრებია და სხვა დაზარალებულებთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
გაზდელიანი გააღიზიანა გალდავას სიტყვებმა - "შენი პრეზიდენტი სად იყო... ფეხბურთის საყურებლად". ამის შემდეგ გამგებლის მოადგილემ ჩხუბი წამოიწყო.
მერიამ პირადი შეურაცხყოფის გამო ჩინოსნის რეაგირებას გაუმართლებელი უწოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით კი, ზემოხსენებული გამონათქვამი შეიცავს ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებების საჯარო კრიტიკას და არ არის შეურაცხყოფა. გაზდელიანის პასუხისმგებლობის საკითხი ომბუდსმენმაც დასვა.