ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის დრო რომ დამთავრდა, ეს 2 დღის წინ მომხდარმა ერთმა მნიშვნელოვანმა ამბავმაც დაადასტურა. მიშამ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. უკრაინული მედიის ცნობით, მას პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დატოვება დასჭირდება. თუმცა, საპირისპიროს ამბობს თავად სააკაშვილი... თავისთავად, მას საქართველოს მოქალაქეობის დატოვება მოუწევს. კი, კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ ეკრძალება საქართველოში პოლიტიკური პარტიის ლიდერობა, მეტიც, თუ მისმა პარტიამ არჩევნები მოიგო, შესაძლებელია, პრემიერ-მინისტრიც გახდეს. ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო, როცა პრემიერი გახდა და ეს ყველას კარგად გვახსოვს. თუმცა, ძალიან საეჭვოა, რომ საქართველოში სააკაშვილის პოლიტიკურ გააქტიურებას ველოდოთ. არ არის გამორიცხულ, ის "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის პოსტიდანაც გადადგეს. პოროშენკოს საგარეო საკითხებში მრჩევლის პოსტი თუ დატოვა, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი საერთაშორისო პოლიტიკაში განულდება და უკრაინის ყველაზე მაფიოზური რეგიონის გუბერნატორად დარჩება. გუბერნატორობა კი, მას ელემენტარულად იმის დროს არ დაუტოვებს, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიუროს.
ცხადია, სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღებამ ერთი კითხვაც გააჩინა - ეს იმიტომ ხომ არ გააკეთა, რომ ქართული მართლმსაჯულებისთვის აერიდებინა თავი? მას ხომ ოთხი ბრალი აქვს წაყენებული და ძებნაც გამოცხადებულია? არც ეს არის გამორიცხული. თუ ამერიკამ მიშაზე ხელი ჩაიქნია და ეს აშკარად ასეა, მას აღარ უმფარველებს, დაიჭერენ თუ არა, არც დააინტერესებთ ამერიკელ პოლიტიკურ ლიდერებს. საქართველოში მათ სხვა ფავორიტები ჰყავთ და ასევე, "ნაცმოძრაობის" ბაზაზე ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩეკაზე მუშაობენ. მარტო ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა იმედად კი მიშა ვერ დარჩება, ევროკავშირს იმხელა გავლენა არ აქვს საქართველოს ხელისუფლებაზე, რამდენიც ამერიკას, სწორედ ამერიკელთა დამსახურებაა, რომ ის ციხეში არ ზის. გამოდის, რომ მიშა საკუთარი თავის იმედად დარჩა და გადაწყვეტილებაც მიიღო - უკრაინის მოქალაქე გახდა და ამით, მინიმუმ, გაურთულა საქართველოს პროკურატურას მისი დაპატიმრების პერსპექტივა.
ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განგვიცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერმა ადამიანმა, მათ შორის უცხოეთის მოქალაქემაც, რომელსაც დანაშაული საქართველოში აქვს ჩადენილი, სასჯელი საქართველოში უნდა მოიხადოს. თუმცა, ეს იმ დროს, თუ დამნაშავეს აქ დააკავებენ. ამავე დროს, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნისთვის, ბრალდებული ან მსჯავრდადებული საქართველოს მოქალაქის გადაცემას და მან, უცხოეთში ჩადენილი დანაშაულისთვის, სასჯელი საქართველოში უნდა მოიხადოს. გელა ნიკოლაიშვილის თქმით, სავარაუდოდ, უკრაინასაც ამგვარი კანონმდებლობა აქვს და ეს უკვე სააკაშვილსაც შეეხება. თუმცა, ადვოკატის თქმით, შესაძლოა, ასე ცალსახად არც იყოს საქმე, რადგან ბევრია დამოკიდებული უკრაინა-საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც დამნაშავეთა გადაცემის საკითხს ეხება. გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც ექს-პრეზიდენტისა და მოქმედი გუბერნატორის შემთხვევა განსაკუთრებულია და ნებისმიერ შემთხვევაში, მისი საქართველოსთვის გადმოცემა ბევრად უფრო რთული საკითხი, იქნება, ვიდრე უკრაინის ჩვეულებრივი მოქალაქისა.
საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის, გიორგი გოცირიძის აზრით კი, თუ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება, საქართველოს მთავარ პროკურატურას მისი ძებნის მონაცემებში ცვლილებების შეტანა მოუწევს. გოცირიძემ ის პროცედურები განმარტა, რომლის მიხედვითაც, ქართულმა მხარემ უკვე მოქალაქეობაშეცვლილი ექსპრეზიდენტის ძებნა უნდა განახორციელოს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, საქართველოს ტერიტორიაზე მასთან დაკავშირებით კვლავ განხორციელდება ის სამართლებრივი პროცედურები, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა.
"საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება, თუნდაც სხვა ქვეყნის მოქალაქე დასვას ძებნაზე. ვინც საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა ან სავარაუდოდ ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ საქართველოს სასამართლოებისა და სამართალდამცავი ორგანოების იურისდიქცია ვრცელდება, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის ძებნის უფლება აქვს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს. თუ ის საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვა, შესაძლოა, ის დააკავონ, მაგრამ სახელმწიფოები და ამ შემთხვევაში უკრაინა საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას არ გადასცემს. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, რომელზეც ძებნა საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, უნდა შეიცვალოს მონაცემები. მონაცემთა შეცვლა პროკურატურას მოუწევს მას შემდეგ, რაც უკვე იარსებებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. ძებნის მონაცემები არ არის მკაცრად განსაზღვრული, მონაცემებში შეტანილია ყველა ის ინფორმაცია, რაც პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა და, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, ძებნის მონაცემებშიც შეიცვლება ინფორმაცია მისი მოქალაქეობის შესახებ", - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.
თუ სააკაშვილმა მართლა იმიტომ მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას თავი აარიდოს, მაშინ ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის - მიშაც და მისი "ნაცმოძრაობაც" მალე პოლიტიკურ სამარეს მიაღწევენ...