საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თურქეთი ლიბიაში სიტუაციის დარეგულირების შესახებ ბერლინში გამართული კონფერენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ვფიქრობ, თურქეთი ლიბიაში სახიფათო თამაშს თამაშობს და ბერლინის კონფერენციის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არღვევს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს ფრანგულ და თურქულ სამხედრო გემებს შორის ლიბიის სანაპიროებთან ინციდენტი მოხდა, როდესაც ფრანგული სამხედრო გემი Courbet-ი თურქული ფრეგატის სამიზნეში აღმოჩნდა.
„და როდესაც ვხედავ, თუ რა მოხდა გასულ კვირას ლიბიის სანაპიროებთან, ეს მიუღებელია და გასული წლის ჩემს განცხადებას გავიხსენებ, როდესაც ნატოს ტვინის სიკვდილი ვახსენე. ის, რაც გასულ კვირას მოხდა, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორმმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც ხალიფა ჰაფტარის და მისი ჯარის მომხრეა.