ჩუღურეთის რაიონს, გროზნოს 11-ში არსებული სკვერის მიმდებარედ, 1100 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დამატებით კიდევ ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განათების სისტემა დამონტაჟდება, საფეხმავლო ბილიკი ფილებით მოპირკეთდება, ასევე, საბავშვო გასართობი ზონა, საპარკე ავეჯი და კალათბურთის მოედანი მოეწყობა. სკვერში დაირგვება ხე-მცენარეები და ის უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლება. დაგეგმილი პროექტის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე ესაუბრა. „2019 წელს გროზნოს N11-ის მიმდებარედ, ჩუღურეთის რაიონში არსებული ყველაზე დიდი სკვერი გავხსენით, რომელიც ძალიან ბევრი ჩუღურეთელისთვის საყვარელი ადგილი გახდა. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, არსებული ტერიტორია გავაფართოვოთ და მას კალათბურთის მოედანი დავუმატოთ. აღნიშნული ორი სკვერი ერთმანეთთან დაკავშირდება, რის შედეგადაც, რაიონში ყველაზე დიდ, 4 300 კვ. მ ფართობზე განთავსებულ რეკრეაციულ სივრცეს მივიღებთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. სამუშაოები, რომლის ღირებულება 222,222 ლარია, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს.