25 ივნისს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტს, ჩამოართმევენ თუ არა „კავკასუს ონლაინს“ ავტორიზაციას იმ ხარვეზის გამო, რომელიც მას 2019 წელს დაუფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა იმისა, რომ ხარვეზის გამო კომპანიამ ჯარიმა გადაიხადა, კომუნიკაციების კომისიას სადავო საკითხზე ამომწურავი ინფორმაციაც მიაწოდა.
კომპანია „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს ინტერნეტის უმსხვილეს საბითუმო მომწოდებელს რეგიონში და საკუთარი ინფრასტრუქტურის საშუალებით, შუამავლების გარეშე, პირდაპირაა დაკავშირებული ევროპის – ფრანკფურტისა და სოფიის – ე.წ ინტერნეტის (მონაცემების) გაცვლის ცენტრებთან. „კავკასუს ონლაინი“ უზრუნველყოფს საქართველოში მოხმარებული ინტერნეტის 2/3-ს და ევროპული ინტერნეტით ამარაგებს სომხეთისა და აზერბაიჯანის საცალო ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს. კომპანიის საკუთრებაში არსებული შავი ზღვის ოპტიკური კაბელი საქართველოს ციფრული დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი გარანტია.
რა ბედი ელის ინტერნეტის უმსხვილეს საბითუმო მომწოდებელს რეგიონში და დარჩება თუ არა საქართველო ერთადერთი ევროპული ინტერნეტის გარეშე?
ამის შეახებ „კავკასუს ონლაინის” გენერალურმა დირექტორმა, რევაზ კოპალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „ბიზნესპარტნიორში” ისაუბრა.
„კავკასუს ონლაინის” ახალი აქციონერი, ასევე ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ჰოლდონგის მფლობელია, ეს არის „ნექსოლ ჰოლდინგი”. რომელიც მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს. ახლახანს დასრულდა ერთ-ერთი მსხვილი გარიგება უკრაინაში, ამ ჰოლდინგის მიერ მოხდა შესყიდვა უმსხვილესი უკრაინული მობილური ოპერატორის „ვოდაფონ უკრაინა”, რომლის გარიგების ღირებულებამ თითქმის ერთ მილიარდ დოლარს მიაღწია.
რაც შეეხება ჩვენს გეგმას, ან რატომ არსებობდა ინტერესი „კავკასუს ონლაინის” წილის შესყიდვისა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი თავისი მნიშვნელობით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ტოლფასია, რომელიც ითვალისწინებს, პირდაპირ ევროპიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით, „კავკასუს ონლაინის” ინფრასტრუქტურის გამოყენებით, აზერბაიჯანის, კასპიის ზღვის და ყაზახეთის გავლით, ჩინეთში ინტერნეტის რეალიზაციას.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული მიმართულებაა აბრეშუმის გზის განვითარება. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ციფრული „აბრეშუმის გზა”. სიმართლე გითხრათ, ის ძირითადი ინფრაქტრუქტურული პროექტები, ან სავაჭრო პროექტები, რომლებიც აკავშირებებს ამ აბრეშუმის გზას, მისი პოტენციალიც ვერ იქნება გამოყენებული, თუ ეს პროექტი არ გამოვა”, - განაცხადა რევაზ კოპალაძემ.