გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ „ლეიბორისტების“ ოფისში თბილისის ექვსი ოლქის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატს დაასახელებს. „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის 6 ოლქის გარდა, ყველა სხვა ოლქში საკუთარ კანდიდატებს დაასახელებს. ლევან ბეჟაშვილის თქმით, რეგიონებში და მათ შორის დიდ ქალაქებში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე მოლაპარაკება და შეთანხმება დღის წესრიგში არ დგას. როგორც ბეჟაშვილი განმარტავს, როდესაც თბილისის ოლქებთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ორ მაჟორიტარს წარადგენენ, იქვე იყო დათქმა, რომ პარტიული და პროპორციული ინტერესი მოითხოვს, ყველა პარტიას წარდგენილი ყავდეს რეგიონებში თავისი პარტიის წარმომადგენლები და კანდიდატები.
გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს წარადგენს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი კენჭს ნაძალადევის რაიონში იყრის; მთაწმინდა - „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე; ვაკე - „ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარია; სამგორი -„ნაციონალური მოძრაობის“ - ზაალ უდუმაშვილი; გლდანი - ნიკა მელია; ისანი - გიორგი ვაშაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, რომლის კანდიდატურა კახეთის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში განიხილება, აცხადებს, რომ ახალციხეში მაჟორიტარ კანდიდატად ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის კანდიდატურა განიხიელბა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ეს საკითხიც განხილვის საგანია. ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. მან პოლიტპატიმრის სტატუსით გაატარა იმაზე მეტი დრო, ვიდრე ხელისუფლებაში იყო. კანონთანაც და მორალთან მიმართებაშიც ის აბსოლუტურად პირნათელია. კონსულტაციების შედეგად გამოვლინდება, რა უფრო მნიშვნელოვანია საერთო ინტერესებისთვის, რათა ოპოზიციამ გაიმარჯვოს „ქართულ ოცნებაზე“. აქედან გამომდინარე, მოხდება გადაწყვეტილების მიღება“, - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
მმართველი გუნდი მაჟორიტარების წარდგენას არ ჩქარობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სლოგანია - „მეტი ვანო ოპოზიციას“. მისი თქმით, რაც მეტი ვანო მერაბიშვილი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, მით უფრო მარტივად მოიგებს „ქართული ოცნება“ არჩევნებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილი, ბოკერია, ბურჯანაძე, ინაშვილი, ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე ერთობლივ კანდიდატებს აყენებენ და მათი წარმატების შანსი არის ნული. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ თბილისის რვავე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.
„ეს ჩვენთვის ძალიან მომგებიანი გადაწყვეტილებაა. რაც უფრო მეტად გაერთიანდება ოპოზიცია საარჩევნო სიების თუ მაჟორიტარების კუთხით, მით უფრო მარტივად მოვიგებთ არჩევნებს. ეს ჩვენ გვიმარტივებს იმას, რომ პირველივე ტურში მოვიგოთ რვავე მაჟორიტარული ოლქი თბილისში. ანუ ძალიან სასარგებლო და მომგებიანი გადაწყვეტილებაა „ქართული ოცნებისთვის“. - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, კობახიძემ მორალური ფსკერი ჩაიარა ერთი წლის წინ, როდესაც 20 ივნისს მის სავარძელში აღმოჩნდა გავრილოვი და შემდეგ არ გადადგა თანამდებობიდან. როგორც სამადაშვილი აცხადებს, ნინო ბურჯანაძე და ან ირაკლი ოქრუაშვილს, მიუხედავად იმისა, რა შეხედულებებს ატარებს ის და ეთანხმება თუ არა მათ ხედვებს, დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს.
„როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან ხმამაღლა აცხადებენ, რომ ივანიშვილი არის რუსეთის მოკავშირე, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ზუსტად რუსული პროპაგანდის მეთოდებით ძალიან მომგებიანია მათი აზრით, რომ ისრები გადაიტანონ სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებზე. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს ან ირაკლი ოქრუაშვილს, მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მიუხედავად იმისა, რა შეხედულებებს ატარებს ის და ვეთანხმებით თუ არა მათ ხედვებს.
ამიტომ ეს კონსულტაციები მიმდინარეობს თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების შესახებ. აქ არ არის საუბარი იმაზე, ვინ შეადგენს კოალიციურ მთავრობას არჩევნების შემდეგ. კოალიცია შედგება მხოლოდ და მხოლოდ იმ პარტიებს შორის, რომლებიც იზიარებენ საერთო ხედვებს საგარეო და საშინაო საკითხებზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განმარტებით, ოპოზიციამ პირველად საქართველოს ისტორიაში მოახერხა უპრეცედენტო ერთობა. მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ ოპოზიციამ ძირითად მიზანს მიაღწიოს.
„პირველი მიზანი არის საარჩევნო გარემოს შეცვლა, რომელშიც შედის კონსტიტუციური ცვლილებებიც და საარჩევნო კოდექსიც, მეორე მიზანი არის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, ეს იყო ოპოზიციის შუალედური გეგმა, იმისათვის, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს მაჟორიტარების უზურპაცია და ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს მრავალპარტიული პარლამენტი. ვფიქრობ, ამის მიღწევა მოხერხდება. ზოგი კანდიდატი მოგვწონს, ზოგი არ მოგვწონს, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ყველა ოლქში, სავარაუდოდ, ვერ შევთანხმდებით,მაგრამ მთავარი არის ის, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს 30-ვე მაჟორიტარის უზურპირება, ეს არის მთავარი და ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს ყველა საუბარი“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.