გვარამიას ინფორმაციის დამალვა შესაძლოა პატიმრობის ფასად დაუჯდეს

გვარამიას ინფორმაციის დამალვა შესაძლოა პატიმრობის ფასად დაუჯდეს

დანაშაულის შეუტყობინებლობა პირის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, სსკ-ს 376 მუხლის მესამე ნაწილით ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან შვიდ წლამდე. სწორედ ასე კვალიფიცირდება ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, პროფესიით იურისტის ნიკა გვარამიას მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, სუს-ის კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბოკოვი, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დავალებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ამის შესახებ სუს-ის ინფორმირებული წყაროდან შეიტყო, მაგრამ გამოძიებას არ მიმართა, რადგან ამბობს, რომ არ ენდობა.

ნიკა გვარამიას განცხადებით გამოძიება დაინტერესდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, გვარამიამ სუს-ში მისვლაზე უარი განაცხადა და ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება. სანამ გამოძიება იტყვის ვასამბეგ ბოკოვის განზრახვის შესახებ, გვარამიას გამოძიებისთვის მოუწევს განმარტების მიცემა, რატომ არ იყო ინფორმირებული სავარაუდო მსხვერპლი, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, რომელიც ასევე 10:00-ზე სუს-ში დაიბარეს.

ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანია უკრაინული კვალი, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ იგეგმებოდა დიდი პროვოკაცია. მით უფრო, თუ გავიხსენებთ სააკაშვილი-გვარამიას სატელეფონო საუბრის შინაარსს, სადაც სააკაშვილი პირდაპირ საუბრობდა ორსული ქალის მკვლელობაზე, რათა ადვილად მომხდარიყო საპროტესტო ტალღის აგორება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მასმედიის საშუალებებში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში, კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც, მათივე თქმით, არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს გამოძიების ინტერესებს. სუს-ი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების საჯარო განხილვისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს ინტენსიურად მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.

„რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ გახმოვანდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც, ჩვენი თვალთახედვით, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის და არ დატოვებდა სივრცეს მანიპულირებისთვის. ჩვენ ცალსახად მივუთითეთ, რომ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და ნებისმიერი სახის ინფორმაციის - ნამდვილის თუ ყალბის - გავრცელებამ, შესაძლოა, დააზიანოს მთავარი საჯარო ინტერესი - დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, მხილებულ იქნას დანაშაულში ჩაბმული ყველა პირი და აღსრულდეს მათ მიმართ მართლმსაჯულება. ამ პროცესში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რის გამოც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების საჯარო განხილვისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს ინტენსიურად მიმდინარე საგამოძიებო პროცესს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

დანაშაულის დამალვა, ისევე როგორც ობიქტის გაუფრთხილებოლობა, უმძიმესი დანაშაუალია. გვარამიას განცხადება, რომ არ ენდობა გამოძიებას და ამ მოტივით არ მიმართა შესაბამის სამსახურებს, ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, არგუმენტად ვერ გამოდგება. აბაშიძეს ეჭვს უჩენს ინფორმაციის დამალვა და უკრაინულ კვალზე მიუთითებს.

„თუ ეს ვერსია მართებულია, მშვენივრად იცოდნენ, ვინ არის დამკვეთი, ორგანიზატორი და შემსრულებელი. თუ გავყვებით ვერსიას, რომ იგეგმებოდა ჟურნალისტის მკლელობა, ეს სჭირდებოდათ სახელმწიფოში დესტაბილიზაციისთვის, მაგრამ მატყუარა გვარამიასგან ამინდის პროგნოზის გამოცხადებაც არადამაჯერებელია. სისხლიანი მკვლელების რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფრის მკადრებელია, ოჯახის წევრსაც კი გასწირავენ, ოღონდ მოიპოვონ ძალა-უფლება და ისევ რევანშისტულად დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ასე რომ, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი - პარლამენტში შხამი დაასხეს; აღდგომის ღამეს შაბაში მოაწყვეს ონლაინ, მაგრამ იმდენად სამარცხვინო იყო, რომ მერე წაშალეს. შობის ღამეს დაწერეს მოსაშორებელ პოლიტიკოსთა „შავი სია“; ებრძვიან ჩვენს რწმენას, ეკლესიას, ექიმებს. ამ ბოროტი ძალისგან ყველაფერია მოსალოდნელი“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ გვარამიამ დამალა დანაშაულის შესახებ, მოუწევს სამართლებრვი პასუხისმგებლობა.

„ოღონდ მიაღწიონ ხელისუფლება და ფასი არის ნებისმიერი, განუზომელია ბოროტების დიაპაზონი, რამდენადაც მათ შეუძლიათ ეს ჩაიდინონ. ბოლო წლებია ნიკა გვარამია ავრცელებს ტყუილს, სიყალბეს, დეზინფორმაციას. დასაჯერებელია თუ არა ეს ფაქტი, რომ მან დანაშაული დამალა, ძალიან დიდ ეჭვებს მიჩენს. მაგრამ თუ ეს გააკეთა, მან, პირველ რიგში, უღალატა თავის თანაგუნდელს - გაბუნიას, არ შეატყობინა, საქმის კურსში არ ჩააყენა საზოგადოება. მიემართა დიპლომატიური კორპუსისთვის და მიიღებდნენ შესაბამის ზომებს. ვიმეორებ, თუ ასე მოხდა, მას მოუწევს სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხის გაცემა. თუმცა, მე ვრჩები ჩემს პირად მოსაზრებაზე, რომ შეიძლება რაღაცას იტყუება და ეს გვარამიას მორიგი ბლეფია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძე.

ნიკა გვარამიას ბრალდების მთავარი ადრესატი, ჩეჩნეთის ლიდერი კი მუქარას გვითვლის. რამზან კადიროვი ქართველი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის შესახებ ბრალდებებს უარყოფს და ჟურნალისტისგან მუხლჩოქით ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა ამის შესახებ ვერ გაიგებს. არ დაგვვიწყებია, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი და ე.ი. პირადად მეც. მან შეურაცხყო მთელი რუსეთი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები. ვაძლევ რეკომენდაციას, გამოიტანოს სწორი დასკვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, რომ ის დარჩება ჩემს მტრად“, - აცხადებს რამზან კადიროვი, რომელიც უკრაინასაც ემუქრება და აცხადებს, რომ ამ პიარის გამო, მასთან ვალში არიან - „მოვა დრო და პასუხს მოვთხოვ“.

ქვეყანაში რომ აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული, ამის შესახებ საუბარობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თუმცა ქვეყნის მეთაური გამოძიებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებს ვის მიერ იყო ორგანიზებული შეკვეთილი მკვლელობა. გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ და საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ, თუ რა დანაშაული აღიკვეთა.

„ჩვენი ძირითადი ამოცანაა, გვქონდეს სრულფასოვანი სურათი, რა მოხდა და რა აღკვეთა ჩვენმა სამართალდამცველმა სისტემამ, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ახლა უნდა დავმშვიდდეთ და სამართალდამცავ სისტემას მივცეთ შესაძლებლობა, გამოიძიოს უსწრაფეს დროში და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვცეს. ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, გავაკეთოთ სხვადასხვა შეფასება. სხვა ყველაფერს, რაც ფართოდ ისმის, პოლიტიკური იერსახე დასდევს, მაშინ, როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და გამოძიება ბოლომდე დასრულებული არაა. უნდა გვეყოს მოთმინება, დაველოდოთ და ყველა სახის შეფასება გავაკეთოთ შემდგომ“, - აცხადებს გიორგი გახარია.

რაც შეეხება კადიროვის მუქარას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, საფრთხეებთან და აგრესიულ რიტორიკასთან დაკავშირებით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან იმუშავებს და არ აპირებს, ოპოზიციას ნარატივში შეყვეს.

„ჩვენ მსგავს საკითხებზე ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქმის კურსში ვაყენებთ და რეაქციასაც ყოველთვის ვთხოვთ. ეს აგრესიული რიტორიკა, რომელიც ხშირად რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან მოდის, საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად არის მიმართული, მაგრამ, ზოგადად, აგრესიულ რიტორიკაში შესვლაც არასდროს ემსახურება ქართულ ინტერესებს და მისი თანმდევი შედეგები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ხშირად გვინახავს. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ქართულ სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება. ჩვენ ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ ხისტად, მყარად, კატეგორიულად, თუმცა „ნაცების“ და რუსების ოფიციალური წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკაში რატომ არ შემოდიხართო - ამ თემებში ჩაყოლას არ ვაპირებთ,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ კადიროვის განცხადება არის ტერორისტის განცხადება და საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა ეცნობოს. რომან გოცირიძის განცხადებით, როცა ვლადიმერ პუტინის მთავარი მეკავშირე კავკასიაში ასეთ განცხადებას აკეთებს, ღირსების მქონე სახელმწიფო, საკადრის პასუხს გასცემდა რუსეთის ფედერაციას და პირადად პუტინს. გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ამ საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მიმართოს. მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს დამნაშავედ გამოიყვანოს ოპოზიცია.

„მათი ყურმოჭრილი ექსპერტები უკვე მინიშნებებს აკეთებენ, მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებებიდან ერთი ნაბიჯია დარჩენილი, თქვან, რომ ამას გეგმავდა „ნაციონალური მოძრაობა“. უკრაინას ახსენებენ ეშმაკურად - უკრაინა, უკრაინა... ახლა იტყვიან, რომ ამას გეგმავდა მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციასთან ერთად.

კადიროვის განცხადება არის თავხედური განცხადება, რომელიც ტერორისტის ენით ბაქიბუქობს და ამბობს, რომ მას რომ დაეგეგმა ეს, კიდეც შეასრულებდა და კიდეც შეუსრულებია. საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ჩაყენებული საქმის კურსში და მას უნდა მიეცეს სერიოზული რეაქცია, ვინაიდან რუსეთი გეგმავდა საქართველოში ტერორისტულ აქტს, ეს არის ფაქტი, რომელსაც ადასტურებს ასევე, საქართველოს სპეცსამსახურები და შესაბამისი პოლიტიკური განცხადება უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ შესაბამის ტონალობაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის შესაძლო მკვლელობაზე არ აძლევს საჯარო რეაქციას კადიროვის მუქარას, რაც მომავალში ზრდის რისკებს, პუტინის რეჟიმმა კვლავ ჩაიდინოს ტერაქტი საქართველოში.

„მთელი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ჟურნალისტ გაბუნიას წინააღმდეგ ტერაქტი, ეს ინფორმაცია დაადასტურა სუს-მა. ცნობილი გახდა სხვა მონაცემებიც, დადასტურებულია, რომ მეგობარი უკრაინის სპეცსამსახური დაეხმარა. დადასტურებულია გვარი ადამიანის და შესაძლო ლინკი მისი რუსეთის რეჟიმის წარმომადგენელთან კერძოდ, კადიროვთან, ეს არის უმძიმესი რამე. კარგია, რომ იმის დაკავება მოხდა მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურის საშუალებით, მაგრამ ჩვენთვის, ყველასთვის საგანგაშოა ის რეაქცია, რაც მოვისმინეთ ივანიშვილის რეჟიმისგან.

ეს განცხადება იყო თითის გაშვერა, ქვეყნის შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ. არც ერთ მათგანს არ უხსენებია პუტინის რეჟიმი და რუსეთის ფედერაცია. ნათლად ჩანს, რომ გამოძიების დასრულებამდე ხელისუფლება კომფორტულ პროპაგანდას ეწევა რუსეთისთვის და ეს ყველაფერი შემოაქვთ ქვეყნის შიგნით საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Aburjga Tasmanieli ამ უკუდო ეშმაკის ასარჩევი რომაა მივა სუსში დაკითხვაზე, ჩააჯენენ, არ ჩააჯენენ დამტკიცებულ, მისივე აღიარებულ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულზე, იმიტომ არის ჩვენი ქვეყნის საქმე "კარგად"! წაათრიეთ და პასუხი აგებინეთ!
4 წლის უკან