თუ ოქტომბრისთვის ვირუსის მეორე ტალღა იქნება, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნების თარიღმა გადაიწოს და, ოქტომბრის ნაცვლად, დეკემბერში ჩატარდეს. უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ ეს საფრთხეს არ შეუქმნის დემოკრატიულ პროცესს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ პანდემიის თემით მანიპულირებას ცდილობს და არჩევნების ჩატარების დეკემბრისთვის გადაწევას იმის გამო ცდილობს, რომ წაგების ეშინია.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ საკითხზე მმართველ გუნდს კონსულტაციები აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა სუბიექტებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან არჩევნების საკითხით. მისი თქმით, წესების დაცვამ, საარჩევნო უბნებზე პირბადეების ტარებამ და ანტისეპტიკების გამოყენებამ, შეიძლება გარკვეულ ვითარებაში ქვეყანას არჩევნების ჩატარების საშუალება არ მისცეს.
ამ შემთხვევაში, კობახიძის განცხადებით, კონსტიტუცია მარტივად იძლევა პასუხს, თუ ასეთი ვითარება დადგა და მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა, ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული.
„ბუნებრივია, თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება, პირობითად, დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს არ შეუქმნის დემოკრატიულ პროცესს. თეორიულად ეს შესაძლებელია. თუ 21 ნოებრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში სასწორზე დგას ორი რამ, ერთი - ეპიდემიის გავრცელება და მეორე მხარეს - არჩევნების ჩატარების თარიღი“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
უმრავლესობის წევრის არგუმენტი მიუღებელია „ლელოს“ ხელმძღვანელისთვის. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ეს არის შიშის ტიპური სინდრომი, როცა არ იციან, ახალი რა მოიგონონ.
„არ აქვს მნიშვნელობა ოქტომბერი იქნება, თუ დეკემბერი, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ მმართველობას ჩამოშორდება. ეს არის შიშის ტიპური სინდრომი, როცა არ იციან, ახალი რა მოიგონონ. მათ მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერ დროს, ნოემბერი იქნება ეს, ოქტომბერი თუ დეკემბერი, ისინი დამარცხდებიან და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ მმართველობას ჩამოშორდებიან“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
თუ რეალურად იქნება ეპიდემიის საფრთხე, ასეთ შემთხვევაში „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, არჩევნები უნდა გადაიდოს, თუმცა ეს ოპოზიციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.
„ოპოზიციისთვის უფრო მიუღებელია, ვთქვათ, საარჩევნო კამპანიის ჩატარების გარეშე არჩევნებზე წასვლა. ამიტომ თუ მართლა რეალურად იქნება პრობლემა, რომ აშკარაა ეპიდემიის საფრთხე, წინასაარჩევნო შეხვედრები ვერ ჩატარდება და შესაბამისად, არჩევნებიც უნდა გადაიდოს. თუმცა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების გადადება მოხდეს შეთანხმებით, მათ შორის ოპოზიციასთან და ჩვენ საერთაშორისო მეგობრებთან“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის პოზიციას არ იზიარებენ გაერთიანებულ ოპოზიციაში. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას უკიდურესად ეშინია მოახლოებული არჩევნების, ამიტომ არ უკვირს, რომ საუბარი დაიწყო არჩევნების შესაძლო გადადებაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განმარტებით, როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, „ქართულ ოცნებას“ ელოდება გარდაუვალი პოლიტიკური კრახი. ამიტომ სამადაშვილის შეფასებით, რაც უფრო ნაკლები წინააღმდეგობის გზით წავა ბიძინა ივანიშვილი, მით უარესი იქნება მისთვის.
„ხელისუფლებას მოახლოებული არჩევნების ეშინია, თუმცა, პანდემიას მოქალაქეთა უფლებებისა და კონსტიტუციის დასარღვევად ვერ გამოიყენებს. პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები და პანდემიას საქართველოს კონსტიტიციის და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასარღვევად ვერავითარ შემთხვევაში ეს ხელისუფლება ვერ გამოიყენებს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადასასვლელად განწირულია“, - ასე ფიქრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი, რომლის შეფასებით, ამჟამად არ არის ობიექტური საფუძველი გადადებაზე სასაუბროდ, თუმცა თეორიულად შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
„არჩევნები უნდა ჩატარდეს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში. საზოგადოებაში იმდენად არის შემდგარი ის კონსენსუსი, რომ „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოცილდეს ხელისუფლებას და ქვეყნის სათავეში მოვიდეს პროდასავლური ძალების კოალიცია, სადაც ხელისუფლება იქნება გადანაწილებული და დაბალანსებული სხვადასხვა პარტიებს შორის, რომ როცა არ უნდა იყოს არჩევნები, მაინც წააგებს „ქართული ოცნება“. თუმცა, ამჟამად არ არის ობიექტური საფუძველი გადადებაზე სასაუბროდ“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
არჩევნების გადადების აუცილებლობას ვერ ხედავს „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე და თაკო ჩარკვიანის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე, რომლის განცხადებით, თუ ოქტომბრის ბოლოსთვის მძიმე რეიტინგული და პოლიტიკური მდგომარეობა ექნებათ, შეეცდებიან, არჩევნები დეკემბრის ბოლოსთვის გადაიტანონ, რაც ცეცხლთან თამაში იქნება.
„როდესაც ჯანმრთელობით სპეკულირებს პოლიტიკური ძალა, ეს არის ბინძური პოლიტიკური თამაში. დღევანდელი მდგომარეობით, არანაირი პრობლემა არჩევნებს ოქტომბრის ბოლოს არ ექნება. რაც ყველაზე მთავარია, თავად გახარია გამოვიდა და სამი თვის შემდეგ იძახის, რომ ყველგან უნდა გვქონდეს მასობრივი ტესტირების მექანიზმიო. მე როგორც ვხედავ, ამ პროცესის გაჭიანურება სპეციალურად ხდება, რათა მათ ჰქონდეთ გეგმა „ბ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ოპოზიციის ვარაუდი, რომ მმართველ პარტიას არჩევნებში დამარცხების შიში აქვს და მის დეკემბერში შესაძლო ჩატარებაზე ამიტომ საუბრობს, ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, არალოგიკურია. როგორც ვოლსკი აცხადებს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ იღებს და ამაში ოპოზიციაც მონაწილეობს.
„არჩევნების ვადის გადაწევა შეიძლება მხოლოდ იმ სიტუაციაში, როცა საგანგებო ვითარებაა. საგანგებო ვითარება თუ შეიქმნა სახელმწიფოში, ამას მარტო „ქართული ოცნების“ პარტიული „ლიდერშიპი“ კი არ დაადასტურებს, ეს იქნება საქვეყნოდ აღიარებული თემა, მათ შორის, ჩვენი ოპონენტების მიერ. ცდილობენ ეს რეალობა გამოიყენონ პოლიტიკური განცხადებებისთვის და ამბობენ, თითქოს „ქართულ ოცნებას“ არჩევნების დეკემბერში ჩატარება აწყობს. საზოგადოება სასიკვდილო საფრთხის წინაშე არ უნდა დადგეს, ეს თვითონაც კარგად იციან. არც მალავენ, ამბობენ ამას, მაგრამ ჟურნალისტების საყურადღებოდ ამატებენ, თითქოს „ქართულ ოცნებას“ უნდა გადაწევა. დამარცხების შიში გვაქვს და რაც უფრო გვიან დამარცხდებიან უკეთესიაო? - არალოგიკურია, არ მინდა სიტყვა „სისულელე“ გამოვიყენო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ეშინია ოპოზიციის, რადგან წმინდა ელექტორალური თვალსაზრისით, არსებულ ოპოზიციას არა აქვს შანსი, რომ არჩევნების გზით მოვიდეს ხელისუფლებაში, რაც კარგად იცის მმართველმა გუნდმა. სოსო მანჯავიძის განცხადებით, შეიძლება „ოცნების“ მიმართ არსებობდეს ძალიან მძიმე კითხვები, მაგრამ ეს ოპოზიცია „ოცნების“ ალტერნატივად ვერ ჩამოყალიბდა, რაც არსებული ფაქტია.
„რა თქმა უნდა, ოპოზიციას შეუძლია მართული არასამთავრობო ორგანიზაციებით და ტელევიზიით მოახდინოს „ოცნების“ დემონიზაცია, მაგრამ ეს ოპოზიცია „ოცნების“ დემონიზაციის შედეგების ბენეფიციარი ვერ გახდება. დღეს, „ოცნებას“ უდგას მთავარი პრობლემა და ეს არის მისი პოზიციონირება აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ვინაიდან არავინ არ იცის რა მოხდება აშშ-ში. გაურკვევლობაა, გაიმარჯვებს ისევ ტრამპი, თუ წარმატებას მისი მოწინააღმდეგეები მიაღწევენ. ამიტომ საპარლამენტო არჩევნების გადადება დეკემბერისთვის თუ იანვრისთვის, შეიძლება უკავშირდებოდეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 3 ნოემბერს ტარდება. თუ ასეთი გათვლით გაკეთდა განცხადება არჩევნების თარიღის შესაძლო გადაწევაზე, მიმაჩნია, რომ პრაგმატულია. რაც არ უნდა მკერდზე მჯიღები ვიცეთ, ასეთი ვითარება გვიდგას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის განცხადებაში ზედმეტი ემოცია ამოტივტივდა. მისი თქმით, ოქტომბრამდე საკმაოდ დიდი დროა და შესაბამისად, ამ შინაარსის განცხადების გაკეთების საჭიროება არ დგას, რაც ეგზალტირებულ საზოგადოებაში გააჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლებას რაღაცა ჩანფიქრი აქვს და ამ მოტივით ცდილობს არჩევნების თარიღის გადადებას.
„არ იყო საჭირო ასეთ დეტალებზე პედალირება. ის, რაც კობახიძემ თქვა, ეს კანონში წერია. რაც შეეხება ოპოზიციას, როცა ამბობენ, რომ ხელისუფლებას უნდა არჩევნების გადადება, რატომ უნდა? დაბალი აქვს რეიტინგი? უფრო დაბალი, ვიდრე ოპოზიციას? ეს უნდა დააზუსტონ. რაღაცას რომ განაცხადებენ, იმის არგუმენტი ხომ უნდა თქვან? ხელისუფლების და ოპოზიციის მხარეს არის დაუსაბუთებელი პოლიტიკური განცხადებები, რაც სრულიად გაუგებარს ხდის, რატომ უნდა უნდოდეს ხელისუფლებას არჩვენების გადაწევა. რაღაცას რომ ამბობენ, ლოგიკა ხომ უნდა ჰქონდეს იმ აზრს? რატომ არის საქართველოში წახალისებული და ნებადართული ის, რომ ულოგიკოდ ილაპარაკოს ადამიანმა?
მერე მოსახლეობა ამბობს, რომ ვერ გაიგო რას ამბობს ესა თუ ის პოლიტიკოსი. როგორ გაიგებს, როდესაც გასაგებად და ლოგიკურად არც ერთი მხარე არ ლაპარაკობს და ვართ გაუგებარ ქვეყანაში. არალოგიკურობა არის გაუგებრობის წყარო. ამიტომ, ხელისუფლებას ხელს არ აძლევს არჩვნების თარიღის გადაწევა, მით უფრო როცა პრემიერ-მინისტრად ჰყავს გიორგი გახარია, რომელმაც მოიგო ბრძოლა კორონასთან. მეორე ტალღა თუ წამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ არ მოუგია ბრძოლა კორონასთან, ე.ი. გახარიამ ვერ იმუშავა. ანუ, მეორე ტალღის შემთხვევაში ხელისუფლების კოზირები ძალას კარგავს და რატომ უნდა აწყობდეს მეორე ტალღის მოტივით არჩევნების გადადება, ეს არის ჩემთვის გაუგებარი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, თუკი პოლიტიკური პროცესების ანალიზს გავაკეთებთ, ვისაც არ უნდა აძლევდეს ხელს არჩვენების გადაწევა, ეს არის „ქართული ოცნება“, რადგან არსებულ ვითარებაში არჩევნების თარიღის გადადება, „ქართულ ოცნებისა“ ძალიან წამგებიან ვითარებაში ჩააყენებს.
„ქართულმა ოცნებამ“ გარკვეულ წარმატებას მიაღწია კორონავირუსთან ბროლაში, გაცილებით დიდი დააგროვა პოლიტიკური კაპიტალი, ვიდრე ჩვეულებრივ ვითარებაში ექნებოდა. მაგრამ ახლა იწყება მისთვის ცუდი პერიოდი - ქვეყანა გაიხსნა, არიგებენ დახმარებებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და მოსახლეობაში იწყება უკმაყოფილება. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ რეიტინგს ნელ-ნელა კარგავს. აქედან გამომდინარე, მისთვის უკეთესი იქნება არჩევნები არა ოქტომბრის ბოლოს, არამედ დასაწყისში ჩაატაროს. ამიტომ, ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ იმაში, რომ მან მოინდომოს არჩევნების თარიღის გადაწევა, გამოიყენოს „კოვიდ 19“-ის პროცესი იმისთვის, რომ ხელოვნურად შექმნას საგანგებო მდგომარეობა და გადაავადოს არჩევნები. ეს იქნება მისთვის გაციელბით წამგებიანი, ვიდრე დანიშნულ დროს არჩევნების ჩატარება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განმარტებით, მოქმედი კონსტიტუციით, არჩევნები გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა, რაც არ უნდა აწყობეს ხელისუფლებას, რადგან უარყოფითად აისახება მის რეიტინგზე.
„ხელისუფლებას აწყობს, რომ საარჩევნო კამპანიას გამარჯვებული შეხვდეს, რომ მიიღოს მხარდაჭერა. ამიტომ, რაც მალე იქნება არჩევნები, უკეთესია. არავინ იცის რა გველოდება ზამთარში. ამიტომ, ლოგიკას და საღ აზრს მოკლებულია ოპოზიციის განცადება, რომ ხელისუფლების ინტერესშია არჩევნების გადადება. კობახიძემ ადექვატურად შეაფასა ვითარება, რადგან ჩატარდება თუ არა ოქტომებრში არჩევნები, ეს 100%-იანად გარანტირებული არ არის. თუ საჭირო გახდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამას გააკეთებს. ამით არაფერი არ ხდება, გარდა იმისა, რომ არსებული პარლამენტი და მთავრობა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, სანამ ახალი არ აირჩევა, რაც არასასურველია. ამიტომ ხელისუფლებას არ სჭირდება საგანგებო მდგომაროების გამოცხადების მოტივით არჩევნების გადადება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეპიდსიტუაციის დამძიმების შედეგი იქნება, რაც, ცხადია, არავის არ უნდა და პირველ რიგში ხელისუფლებას, რადგან ის რეიტინგს დაკარგავს და ის წარმატება, რომელიც ამ ეტაპზე აქვს, უკვე ისეთი ხელშესახები არ იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.