საფრანგეთი დღეიდან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს, – შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა.
მისი თქმით, საფრანგეთის მთელი ტერიტორია ორშაბათიდან „მწვანე ზონად“ ცხადდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველა ტიპის კაფე და რესტორანი გაიხსნება.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ დღეიდან მოქალაქეებს ევროპის სხვა ქვეყნებში შეუზღუდავად გადაადგილების საშუალება ექნებათ. 22 ივნისიდან კი საფრანგეთის ყველა სკოლაში, საშუალო სკოლების გარდა, სასწავლო პროცესი განახლდება.
„ბრძოლა ეპიდემიის წინააღმდეგ არ დასრულებულა, თუმცა, მოხარული ვარ, რომ ვირუსის წინააღმდეგ პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ,“
ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური, რომელიც მარტში უნდა ჩატარებულიყო და კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო, 28 ივნისს გაიმართება.