კანადაში დაპატიმრების დროს ერთ-ერთი ტომის ბელადის ცემის ფაქტს იძიებენ

კანადაში დაპატიმრების დროს ერთ-ერთი ტომის ბელადის ცემის ფაქტს იძიებენ

კანადაში პოლიციის მიერ ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის ბელადის დაკავებისას ძალის გადამეტების ფაქტს იძიებენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ატაბასკას ტომის ბელადი ალან ადამი 10 მარტს დააპატიმრეს. დაკავების დროს მას სახე დაუზიანეს. მომხდარი პოლიციის ერთ-ერთ მანქანაზე დამონტაჟებულმა კამერამ აღბეჭდა. ჩანაწერზე ჩანს, რომ ადამთან კამათის შემდეგ ერთ-ერთი სამართალდამცველი მისი ცოლის დაკავებას ცდილობს და ქალს ხელს უგრეხს. ადამი მეუღლეს გამოესარჩლა, რის შემდეგაც პოლიციელებმა დახმარება გამოიძახეს. ადგილზე მისულმა ოფიცრებმა ბელადი მიწაზე დააგდეს და რამდენჯერმე ძლიერად დაარტყეს. ამასთან, ერთ-ერთი პოლიციელი ყვიროდა: „ნუ გვიწევს წინააღმდეგობას“.

ინციდენტის შესახებ ქვეყანაში მეზობელ აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული პროტესტის შემდეგ ალაპარაკდნენ. კანადის მოსახლეობა ალანის საქმეს რასიზმს უკავშირებს. თავად ბელადი აცხადებს, რომ ქვეყანაში უმცირესობების უფლებები დაცული არ არის, რის გამოც დანაშაულის შემთხვევაში პოლიცია მათ მიმართ ყოველთვის გადამეტებული ძალით მოქმედებს.

მომხდარს ალბერტას ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი იძიებს, რომელიც პოლიციის მიერ მოქალაქეებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების ფაქტებზე მუშაობს.