უნდა იმუშაოს თუ არა ოპოზიციამ კვირიკაშვილის და მარგველაშვილის პოლიტიკაში დასაბრუნებლად?!

უნდა იმუშაოს თუ არა ოპოზიციამ კვირიკაშვილის და მარგველაშვილის პოლიტიკაში დასაბრუნებლად?!

უკვე მერამდენედ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილები პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებენ და გიორგი კვირიკაშვილი ახლად დაფუძნებულ პარტიაში „ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსში“ გაწევრიანდება, ხოლო გიორგი მარგველაშვილი, რომელიც არ კარგავს პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირებს და გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრებზე ჩნდება, ხაზარაძის „ლელოს“ მიაშურებს.

ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე გიორგი კვირიკაშვილმა უარყო პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობა და განმარტა, რომ ახლად დაფუძნებულ პარტიასთან („ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“) კონსულტაციებს არ მართავს, უბრალოდ, მარიამ ჯაშთან და არაერთ ყოფილ კოლეგასთან, თუ პოლიტიკურ თანამოაზრესთან აქვს მეგობრული ურთიერთობა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პოლიტიკაში გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება და ამბობს, რომ კვირიკაშვილთან დღემდე ინარჩუნებენ ადამიანურ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობებს არ გასცდენია მათი დამოკიდებულება. თუმცა პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით პირადად მას კვირიკაშვილთან არ უსაუბრია.

„საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი მარიამ ჯაში ამბობს, რომ ყოველთვის მზად არიან კვირიკაშვილისგან რჩევების მისაღებად, ამასთან, ექნებოდათ სურვილი, ის პოლიტიკაში დაბრუნებულიყო და აუცილებლად იქნებოდნენ მის გუნდში. თუმცა უშუალოდ პარტიასთან დაკავშირებულ საკითხებზე მასთან არ უსაუბრიათ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ყოფილების პოლიტიკაში დაბრუნება პოლიტიკური ძალებისთვის დიდი შენაძენი არ არის.

„არ ვიცი, გიორგი მარგველაშვილი რამდენად იქნება დიდი შენაძენი „ლელოსთვის“, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ პირიქით, საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს, თუ გავითვალისწინებთ საზოგადოების არაერთგვაროვან დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ. იგივე შეიძლება ითქვას გიორგი კვირიკაშვილზეც. კვირიკაშვილიც არ გახლავთ განსაკუთრებულად ქარიზმატული ლიდერი, რომ გამორჩეული ელექტორალური რესურსი შესძინოს ახალ პარტიას, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ ვერსიების დონეზეა“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე, რომლის აზრითაც, პოლიტიკაში დაბრუნებას, ეტყობა, რაღაც ხიბლი აქვს და, როგორც ერთმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ერთგვარი ნარკოტიკივითაა პოლიტიკა, რომელსაც თუ ერთხელ გაუგებ გემოს, მერე გიჭირს მასთან განშორება.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ არც მარგველაშვილისადმი და არც კვირიკაშვილისადმი მოსახლეობასა და ამომჩეველში ნეგატიური განწყობა ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, მათ აქვთ ცნობადობის ძალიან მაღალი ხარისხი.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ორი ფაქტორი, რომელიც არჩევნების დროს მუშაობს. ამიტომ ერთის და მეორის პოლიტიკაში ყოფნა და ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან მისვლა პოზიტიური ნაბიჯია იმ ძალისთვის, ვისთანაც ისინი მივლენ. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ მიჰყვება ძალიან მძლავრი, დადებითი თუ არა, ნულოვანი უარყოფითი შლეიფი, რაც მნიშვნელოვანია. ამიტომ მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი პარტიები ეცდებიან მათ დაყოლიებას. გასაგებია, კვირიკაშვილი არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, მაგრამ ძალიან კარგია, რომ მარგველაშვილი ისევ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას. მე რომ მკითხოს კაცმა, მარგველაშვილმა ცოტა დააგვიანა კიდეც. შეეძლო, უფრო ადრე ჩართულიყო პოლიტიკაში, დღეს მას გარკვეული პლუსები ექნებოდა არა როგორც ყოფილ პრეზიდენტს, არამედ როგორც მოქმედ პოლიტიკოსს“,-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

sandro კვირიკაშვილი თუ არ მობრუნდება პოლიტიკაში დაიქცევა ქვეყანა :)) საერთოდ, თავი რომ დაგვანებონ ამ ნაფტალინის სუნით აქოთებულმა ზველი თაობის პოლიტიკოსებ უკეთ იქნება მგონი ჩვენი საქმე:) ამათი ინტერესები მხოლოდ გადის შავ ჯიპებზე და ჯიბეების გასქელებაზე, როგორც ტიპიურუ საბჭოთა ფეკალიებს სცვევიათ ხოლმე! ასე რომ, კვირიკაშვილი, მარგველაშვილი და შევარდნაძის და ზვიადის დროინდელი გველაძუები რომლებიც ქვესქვეშობით მოძვრებიან დღემდე აღარ გვინდა ეგეტი ხალხი პოლიტიკაში! გვინდა თანამედროვე, წესიერი და ნორმალური ადამიანები. ისედაც სიბინძურით არის უკვე ეს ქვეყანა სავსე.
4 წლის უკან