„ქართულ ოცნებას“ ბეწვის ხიდზე უწევს გასვლა, რომ დარჩენილ პერიოდში არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რაც ამომრჩეველს მის მიმართ გულს გაუტეხს და აიძულებს, არ წავიდეს არჩევნებზე. სახლში ამომრჩევლის დაჯდომა კი ოპოზიციას უფრო აწყობს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge- სთან საუბრისას.
ყოველდღიურად ახალ - ახალი პარტიები იქმნება, აქტიურდებიან ძველი თუ ახალი პოლიტიკოსები, ე.წ დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე, ქმედით რელსებზე გადადის ნატო ჩხეიძე, უახლოეს ხანში თავის განაცხადს გააკეთებს ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა... პარტიების სიჭარბე რას ნიშნავს და ამდენ ძალაში რატომ არ ჩანს მესამე ძალა? იქნებ, უბრალო მხატვრული გამოთქმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რომ მესამე ძალა თვითონ ხალხი, ანუ ამომრჩეველია?
- ხალხი ვერ იქნება მესამე ძალა. ასეთ დეფინიციას ჯერ აქამდე არ შევხვედრივარ, რომ ხალხია მესამე ძალა. რაც შეეხება პარტიების დაბადების ბუმს, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, მე ვფიქრობ, ეს გამოწვეულია იმ ცვლილებით, რაც მოხდა საარჩევნო კოდექსსა და კონსტიტუციაში, როდესაც შეიცვალა საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ბარიერმა 1%- მდე დაიწია. ეს საშუალებას აძლევს წვრილ და ნაკლები რესურსების მქონე პარტიებს, ჰქონდეთ პარლამენტში გასვლის შანსი. 1%- ის გადასალახად, ჩემი გათვლით, საკმარისია დაახლოებით 17-18 ათასი ხმის მოგროვება. აქედან გამომდინარე, პარტიებს გაუჩნდათ შანსი და ლოგიკურია, მათ ეს შანსი გამოიყენონ. ამიტომაც ახლად შექმნილი პოლიტიკური გაერთიანებები, სამოქალაქო მოძრაობები და პარლამენტში შექმნილი ფრაქციები სასწრაფოდ ფორმირდებიან პარტიებად, რომ სცადონ თავიანთი შანსი. ამაში მე საოცარს ვერაფერს ვხედავ. თუმცა მეორე საკითხია, რომ ვიღაცას მარტივად ეჩვენება 18 ათასი ხმის მოგროვება. სინამდვილეში, ეს არც თუ ისე მარტივია იმ დიდი კონკურენციის პირობებში, რაც პარტიებს შორის წარიმართება. ამიტომაც პარტიებს, ალბათ, მოუწევთ კარგად დაფიქრება, რათა თავიანთი რესურსები კარგად გაზომონ, ვიდრე საარჩევნო პროცესში ჩაებმებიან.
ისევ მესამე ძალას რომ დავუბრუნდეთ, ტერმინი „მესამე ძალა“ უკვე დიდი ხანია, ფიგურირებს და ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, ეს მესამე ძალა თავის თავში რას წარმოადგენს. ეს არის რაღაც ახლად წარმოქმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა, თუ ეს არის ის ძალა, რომელიც შეიქმნა სწორედ ხალხის მოთხოვნების საპასუხოდ და თანახმად. როდესაც ჩვენ გვაქვს ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პროცენტი, სადღაც 40- 50%- მდე, რატომღაც ყველა უკავშირებს ამას ამომრჩევლებში მესამე ძალის მოლოდინს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, რას ელოდება თავად ამომრჩეველი ამ მესამე ძალისგან, როგორ წარმოუდგენია მესამე ძალა, ანუ ამ ძალას რა ღირებულებები უნდა ჰქონდეს, რა იდეოლოგია, როგორი პლატფორმა, როგორი პროგრამა, როგორი ტიპის პოლიტიკოსები უნდა იყვნენ იქ წარმოდგენილნი.
მესამე ძალის ზოგადი დებულებაა, რომ ის არ უნდა იყოს აფილირებული არც ნაცებთან, არც ქოცებთან...
- რა თქმა უნდა, ეს თვისობრივად ახალი თემაა, რომელიც პასუხობს იმ მოთხოვნებს და მისწრაფებებს, რაც დღეს მოსახლეობაშია. რატომ არის ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი? იმიტომ, რომ მათ არსებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა იმედი გაუცრუეს. ამიტომაც იძლევა ჩვენი ამომრჩეველი პასუხს სოციოლოგიურ გამოკითხვებში - „არ ვიცი“, „არ გადამიწყვეტია“, „არც ერთს არ მივცემ ხმას“ და ა.შ. ამომრჩეველს აქვს თავისი პრეფერენციები, მოთხოვნები, ის თავისთვის ხედავს მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალის კონტურებს, მაგრამ ეს რა მოთხოვნილებებია, ჩვენ ეს არ ვიცით, რადგან სოციოლოგიური გამოკითხვისას არ უსვამენ მათ ასეთ კითხვას, შესაბამისად, არ ვიცით ამომრჩევლის განწყობა. ვიცით, რომ ამომრჩეველი იმედგაცრუებულია, მაგრამ რა უნდა მას ამ მესამე ძალისგან, ეს არ ვიცით.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის პროგნოზით, ოპოზიციის საერთო რეიტინგი 35- 40% იქნება. ეს ნიშნავს, რომ გაერთიანების მიუხედავად, ამ არჩევნებზე ოპოზიციას წარმატების დიდი შანსი არ ექნება?
- მამუკა მდინარაძემ დაასახელა ის მიახლოებითი რეიტინგი, რაც შეიძლება ჰქონდეს ყველა ოპოზიციურ პარტიას, ერთად აღებულს, რომელიც ახლა შეკრებილია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ასევე, იმ პარტიებს, რომლებიც მაგიდის გარშემო არ არიან, მაგრამ მიეკუთვნებიან ოპოზიციურ ფლანგს. პრინციპში, თუ გავითვალისწინებთ იმ სოციოლოგიურ გამოკითხვებს, რაც ადრეც ჩატარებულა, თუნდაც ენდიაის, აირაის ან სხვა ორგანიზაციების მიერ, მამუკა მდინარაძის პროგნოზი შეიძლება იყოს რეალობასთან ახლოს, თუმცა სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, ამისთვის ახალი სოციოლოგიური გამოკითხვა უნდა ჩატარდეს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე და მისცემენ თუ არა ისინი „ოცნებას“ იმდენ ხმას, რომ მან 40%-იანი ჩამკეტი ბარიერი გადალახოს. მოგეხსენებათ, თუ პარტიამ 40%-ზე მეტი ვერ დააგროვა, ის ვერ შექმნის საპარლამენტო უმრავლესობას და ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ამომრჩეველზე. თუ ამომრჩევლის დიდი ნაწილი დაჯდება სახლში, პრინციპში, ეს უფრო ოპოზიციას აწყობს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“.
როგორც ჩანს, გულდამშვიდების საფუძველი „ოცნებას“ არ აქვს და შესაძლოა, გამართლდეს მოარული ხმები, რომ მედიკოსების, მათ შორის, ლევან რატიანის ჩართვას აპირებენ „ოცნების“ საარჩევნო სიაში? ეს ნიშნავს, რომ მთლად კარგად არ აქვთ საქმე, როცა ექიმებზე დებენ ფსონს?
- ვერ გეტყვით, ჯერ ეს ინფორმაცია არავის დაუდასტურებია. საქმე ის არის, რომ ჩვენი ამომრჩევლის ქცევის თავისებურებებებიც უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ მოიქცა ჩვენი ამომრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, როდესაც მისი პროტესტი, ანუ უკმაყოფილება საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევანით, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, გამოიხატა იმით, რომ „ოცნების“ ამომრჩევლის უმრავლესობა არ მივიდა არჩევნებზე, მაგრამ არჩევნებზე მივიდა ოპოზიციის ამომრჩევლის თითქმის მთელი შემადგენლობა, რამაც განაპირობა ის შედეგი, რაც დადგა პირველ ტურში. ამიტომაც, ახლა, „ქართულ ოცნებას“ ბეწვის ხიდზე უწევს გასვლა, რომ დარჩენილ პერიოდში არ დაუშვას ისეთი შეცდომები და არ გააკეთოს ისეთი რამ, რაც ამომრჩეველს მის მიმართ გულს გაუტეხს და აიძულებს, არ წავიდეს არჩევნებზე. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, რა თქმა უნდა, ნაციონალებს ხმას არ მისცემს. შეიძლება მცირე ნაწილმა, რომელიც განაწყენებულია „ოცნებაზე“, წავიდეს და ხმა მისცეს „ლელოს“, „პატრიოტთა ალიანსს“, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, ის არ წავა „ნაცმოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიისკენ. ვიმეორებ, ამომრჩევლის ძირითადი ნაწილი შეიძლება არ მივიდეს არჩევნებზე, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ისინი არ დაარწმუნა იმაში, რომ „ნაცმოძრაობის“ რევანში რეალურია და არჩევნებზე „ოცნების“ მომხრეები აუცილებლად უნდა მივიდნენ.
თქვენ ბრძანეთ ნაციონალების რევანშიზმის შესახებ. თუკი სააკაშვილმა ტაქტიკა შეიცვალა და უკრაინით „დაკავდა“, ანუ, თუ სააკაშვილს საქართველოსთვის აღარ სცხელა, მაშინ „ქართული ოცნება“ როგორ დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ ნაცების რევანში მოსალოდნელია?
- ეს სრულიადაც არ უშლის სააკაშვილს ხელს, მისი ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით გაახმოვანოს თავისი მესიჯები. გარწმუნებთ, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილი ჩაერთვება ამა თუ იმ ფორმით საქართველოს საარჩევნო პროცესში. თუ სააკაშვილი საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს გააქტიურდება, ეს იქნება ნამდვილი საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“.