ნორვეგიის სასამართლომ კაცს, რომელმაც თავისი და მოკლა და შემდეგ მეჩეთში სროლა გახსნა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 22 წლის ფილიპ მანშაუსმა ციხეში მინიმუმ 14 წელი უნდა გაატაროს. პროცესზე გასამართლებული თავის კერპებად ადოლფ ჰიტლერს და ანდრეს ბრეივიკს ასახელებდა. ის ასევე ევროპელი ხალხის გენოციდზე საუბრობდა, ჰოლოკოსტს კი მითი უწოდა.
პატიმრობის გარდა მანშაუსს დაშავებულთა ოჯახებისთვის 100 ათასი კრონის (£16 800) გადახდა დაეკისრა.
ინციდენტი ოსლოს მახლობლად 2019 წლის აგვისტოში მოხდა. სროლის შედეგად მეჩეთში არავინ დაღუპულა, თუმცა რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მანშაუსის სახლში კი სამართალდამცველებმა მისი დის ცხედარი აღმოაჩინეს.