სიეტლის მერმა, ჯენი დერკანმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, საპროტესტო აქციებზე ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებების შეფასება შეწყვიტოს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის შტატის ქალაქი სიეტლი, სადაც პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისა და რასობრივი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, შიდა ტერორისტებმა დაიკავეს.
„უზრუნველყავი ჩვენი უსაფრთხოება და დაბრუნდი ბუნკერში“, - დაწერა სიეტლის მერმა თწიტტერ-ზე.
1-ელ ივნისს, გამოცემა New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საიდუმლო სამსახურის აგენტებმა უსაფრთხოების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლთან საპროტესტო აქციების დროს მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს, სადაც მან საათზე ნაკლები დრო გაატარა.
აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.