როგორ გადასცა დედას სააკაშვილმა სახელმწიფო ქონება

როგორ გადასცა დედას სააკაშვილმა სახელმწიფო ქონება

პრეზიდენტი სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მისი ხელისუფლება ყველაზე არაკორუმპირებულია, თუმცა ოპოზიციამ ამის საწინააღმდეგო დოკუმენტები აუფრიალა მის ჩინოვნიკებზე.

ამჯერად კი საკრებულოს წევრმა თინათინ ხიდაშელმა პრეზიდენტი დედამისის, გიული ალასანიას ბიზნეს-ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა და ის დოკუმენტებიც წარმოადგინა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიერ დედისთვის, გიული ალასანიასთვის სახელმწიფო ქონების გადაცემას ადასტურებს.

საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს, როგორ გადასცა პრეზიდენტმა სახელმწიფო ქონება, კერძოდ - წყნეთის სამთავრობო აგარაკი, პარლამენტის თავმჯდომარეს (ამჟამად ოპოზიციაში მყოფ ნინო ბურჯანაძეს) სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. ასევე ახსოვს, როგორ გადასცა საქართველოს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლეს - ნინო ანანიაშვილს, უზურფრუქტის წესით, ვერაზე 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი და აჩუქა შენობა დახურული ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადრე ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთი ობიექტი მდებარეობდა.

მაგრამ აქამდე ჩვენთვის ცნობილი არ იყო, თუ როგორ ასაჩუქრებს სააკაშვილი სახელმწიფო ქონებით საკუთარი ოჯახის წევრებს. გიული ალასანია საზოგადოებამ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ გაიცნო. სწორედ აქედან იღებს სათავეს მისი საუნივერსიტეტო ბიზნესიც. ყველას ახსოვს, ალბათ, როცა ახლადგაპრეზიდენტებული სააკაშვილი უნივერსიტეტებს დაერია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის დასაცავად მაშინ მთელი უნივერსიტეტი გამოვიდა, მაგრამ როინ მეტრეველს, ისევე, როგორც სხვა რექტორებს, ვერაფერი უშველეს. პოსტი მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა რამაზ ხუროძემ შეინარჩუნა. თუ რატომ გადაურჩა ხუროძე სააკაშვილის რისხვას, ამის მარტივი ახსნა ხიდაშელის მიერ გამოქვეყნებული ფაქტების შემდეგ მოეძებნება. თუმცა თვალშისაცემი იყო ისიც, რომ მაშინ, ჯერ კიდევ 2004 წელს, გიული ალასანია ხუროძის გვერდით გამოჩნდა ღონისძიებაზე, სადაც გაცხადდა, რომ ის თანამდებობას ინარჩუნებდა.

რესპუბლიკური პარტიის თბილისის ორგანიზაციის მდივნის, საკრებულოს წევრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, 2004 წლის ზაფხულიდან ქალბატონი გიული ალასანია აქტიური ბიზნესმენი ხდება და ქვეყნის უმაღლესი განათლების სფეროს აკონტროლებს. თინათინ ხიდაშელი აღნიშნავს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში არაფერია გიული ალასანიას სამეცნიერო საქმიანობის შესახებ, რადგან მათი ინტერესის სფერო მისი ბიზნეს-საქმიანობა გახდა, რაც მხოლოდ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ იწყება.

“უცნაური დამთხვევაა, მაგრამ სწორედ 2004 წლის ზაფხულიდან ქალბატონი გიული აქტიური ბიზნესმენი ხდება და ქვეყნის უმაღლესი განათლების სფეროს აკონტროლებს, - აცხადებს ხიდაშელი, - სწორედ 2004 წლის ზაფხულში ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად აფუძნებს “საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლას”, რომელიც სულ მალე დამოუკიდებელ უნივერსიტეტად “საქართველოს უნივერსიტეტად” გადაკეთდა. ტექნიკური უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა, ბატონმა ხუროძემ უნივერსიტეტის წილი სიმბოლურ ფასად - 200 ლარად, სწორედ გიული ალასანიასა და მის მეგობარსა და ბიზნეს-პარტნიორ მანანა სანაძეს დაუთმო. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტი “საქართველოს უნივერსიტეტის” დამფუძნებელი აღარ იყო, ქონება, რომლითაც უნივერსიტეტი მანამდე სარგებლობდა, კვლავაც გიული ალასანიას განკარგულებაში დარჩა.

საჯარო რეესტრის მიერ გაცემული დოკუმენტის შესაბამისად, 2005 წელს, “საქართველოს უნივერსიტეტს” (ანუ მაშინდელ “საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლას”) ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადაეცა კოსტავას 77-ში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის ბალანსზე არსებული ფართიდან 1240 კვ.მ. მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთითურთ, ხოლო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, იმავე მისამართზე დამატებით კიდევ 866 კვ.მ გადასცა. შესაბამისად, გიული ალასანიამ თბილისის ცენტრში სახელმწიფოსგან, პირდაპირი წესით, 2106 კვ.მ. ფართის შენობა მიიღო, მის შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად, ხოლო საიჯარო ქირად მხოლოდ 250 დოლარის გადახდა დაეკისრა.

თუმცა სახელმწიფო ქონების მითვისება ამით არ დასრულებულა. ტექნიკური უნივერსიტეტის ფორმალური თანამონაწილეობისგან სრულიად გათავისუფლების შემდეგ, ქალბატონმა გიულიმ წერილობით მიმართა ვაკე-საბურთალოს გამგეობას და მის სარგებლობაში არსებული შენობისთვის განსხვავებული მისამართის მინიჭება მოითხოვა, რაც დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდა. 2008 წლიდან კი ტექნიკური უნივერსიტეტის დაახლოებით 15827 კვ.მ. ფართი უკვე “საქართველოს უნივერსიტეტის” საკუთრებად ირიცხება. შესაბამისად, დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ კორპუსს, რომელშიც გიული ალასანიას უნივერსიტეტია განთავსებული, მისამართია კოსტავას 77-ა, ნაცვლად კოსტავას 77-ისა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიული ალასანიამ საკუთარი სტატუსი და პრივილეგია გამოიყენა სახელმწიფო ქონების მისათვისებლად”.

2009 წელს ქალბატონი გიული კიდევ ერთი უნივერსიტეტის დამფუძნებლებს შორის ჩნდება. სწორედ მან შეიძინა “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის” 14%-იანი წილი აუქციონზე, სადაც აღმოჩნდა, რომ სხვა დაინტერესებული მხარე არ არსებობდა. პრეზიდენტის დედის ინტერესები საუნივერსიტეტო ბიზნესსაც გასცდა და, როგორც რესპუბლიკელებმა გაარკვიეს, გიული ალასანიას “საქართველოს უნივერსიტეტი” ერთადერთი დამფუძნებელია შპს “საუნივერსიტეტო ავეჯისა.  ასევე მას დაუფუძნებია 2008 წელს კაფე “ხადილი” და სხვ. აღნიშნული ბიზნესის სარგებლიანობის უკეთ გაცნობისთვის რესპუბლიკელებმა კაფე “ხადილის” ვებსაიტი მოინახულეს, სადაც აღნიშნულია, რომ “2008 წლის 17 ნოემბერს მის ბაზაზე დაარსდა კაფე “ხადილი”, რომელსაც III კორპუსის II სართულის დიდი ნაწილი უკავია. კაფეს ყოველდღიურად 1000-მდე ადამიანი სტუმრობს. გარდა ამისა, კაფე ემსახურება კონფერენციების, ტრეინინგებისა და პრეზენტაციების მონაწილეებს”, რაც ალასანიას ბიზნესს, ალბათ, სოლიდურ მოგებას აძლევს, რადგან დღეში 1000 სტუმარი სერიოზული შემოსავალია. თინათინ ხიდაშელმა ასევე წარმოადგინა პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისის განკარგულება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ”.

საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამ განკარგულების დანართში მითითებული მოძრავი ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცეს “თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდს” შემდეგი პირობებით:

ა) საპრივატიზებო თანხა გადაიხადოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში;

ბ) მყიდველი ვალდებულია, საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის _ “ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის” ფარგლებში თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული ხალხური შემოქმედებისა და მხატვრული თვითმოქმედების კოლექტივები, ფოლკლორული ჯგუფები, ანსამბლები, შემოქმედებითი გაერთიანებები, უზრუნველყოს დანართში მითითებული ქართული ეროვნული სამოსითა და მუსიკალური საკრავებით.

2.საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული მოძრავი ქონების (დანართი) “თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდისთვის” გადაცემის მიზნით”.

აღნიშნული ფონდი ასევე გიული ალასანიას სახელს უკავშირდება. დოკუმენტები, რომლებიც მასალებს თან ახლავს, ალბათ, ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ პრეზიდენტის განცხადება, რომ მის ხელისუფლებაში კორუფცია დამარცხებულია, რეალობას მოკლებულია. მეტიც, ქვეყანაში კორუფციის ფაქტებმა იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ, როგორც თქვენთვის ცნობილია, მასზე საკმაოდ მწვავე შეფასებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა.