აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი WRIC ავრცელებს.
აქციის მონაწილეები მშვიდობიან დემონსრტაციაზე ერთ-ერთ პარკში შეიკრიბნენ. სამი თოკის საშუალებით მათ ძეგლი პოსტამენტიდან ჩამოაგდეს, აშშ-ის დროშაში გაახვიეს, დაწვეს, შემდეგ კი ტბაში გადაადგეს.
ძეგლის ადგილზე დემონსტრანტებმა განათავსეს წარწერა: „კოლუმბი წარმოადგენს რასიზმს“.
9 ივნისს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში რასიზმთან ბრძოლის ფარგლებში მეფე ლეოპოლდ II-ის ძეგლი მოხსნეს.
აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.