კორონავირუსი ჩინეთში, შესაძლოა, გასული წლის აგვისტოში გავრცელდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევა თანამგზავრით გადაღებულ ფოტოებსა და საძიებო სისტემაში შეყვანილ მონაცემებს ეყრდნობა.
„უხანის საავადმყოფოსთან ავტომობილების გაზრდილი გადაადგილება და საძიებო სისტემაში სიმპტომების შეყვანა წინ უძღვოდა კორონავირუსის პანდემიის დოკუმენტირებულ დასაწყისს. აგვისტოში საძიებო სისტემებში გაზრდილი იყო ისეთი სიტყვების ჩაწერა, როგორიც არის გაციება და დიარეა, რაც გრიპის წინა სეზონებში არასდროს მომხდარა“, - ნათქვამია კვლევაში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კვლევის დასკვნას სასაცილო უწოდეს.
„ვფიქრობ, ეს სასაცილოა, წარმოუდგენლად სასაცილოა ზედაპირული დაკვირვების საფუძველზე ასეთი დასკვნის გაკეთება“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.