„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ კვლევის თანახმად გამოკითხულთა 47% ფიქრობს, რომ კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება არ ხდება, მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს, ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება. კორუფციას მმართველი ხელისუფლების წყაროდ განიხილავს ოპოზიცია და მასთან ერთად, განიხილავენ ნეპოტიზმსაც. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ქართული პოლიტიკური სპექტრი, რომ ქმნიდეს უკეთეს ალტერნატივას, რომლის წინაშედაც „ქართული ოცნება“ წამგებიან მდგომარეობაში იქნებოდა, ასეთ შემთხვევაში „ოცნება“ შეეცდება, რომ ოპოზიციაზე უკეთესი იყოს.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
სააკაშვილის დროს ქვეყანაში იყო ელიტარული კორუფცია - აღურიცხავი ქონებები, ოფშორებში საბანკო ანგარიშები, მაღალჩინოსნების გამდიდრება მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე და ა.შ. რაც დღემდე ასაზრდოებს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. დღეს განხილვის თემა გახდა დეპუტატ დავით მათიკაშვილის ქონებრივი დელკარაცია, მაგრამ 8 წლის განვალობაში არაერთი ფაქტი ვნახეთ უმრავლესობის და მათი ოჯახის წევრების მიერ დაგროვილი ქონების შესახებ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ინტერესდება შესაბამისი სტრუქტურა ამ საკითხით და ელიტარული კორუფცია რამდენად დამახასიათებელია0 „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის?
რამაზ საყვარელიძე: იმდენი პრეტენზიაა დაგროვილი, რომ გასაკვირი ეს კონკრეტული შემთხვევა არ არის. იმისათვის, რომ ჩვენს მსჯელობას აზრი მიეცეს და მხოლოდ გულის ფხანა არ იყოს, მოდით, დავსვათ კითხვა - როგორ უნდა გამოსწორდეს ვიტარება? დანამუსებით? - 9 წელი ანამუსებდა ქართული საზოგადოება სააკაშვილის რეჟიმს. არათუ დანამუსება, საპროტესტო აქციები იყო საკმაოდ შთამბეჭდავი, მაგრამ რამე ეშველა რეჟიმს? იგივე ვითარება იყო შევარდნაძის რეჟიმის პირობებში, წამყვანი თემა იქაც კორუფცია იყო. ძახილი და ამ ფაქტების ტელევიზიის ეკრანზე ტრიალი რაიმეს მისცემდა საზოგადოებას, რომ შევარდნაძის ალტერნატივად სააკაშვილი და რეფორმატორების გუნდი არ გამოჩენილიყო? შემდეგ, თვითონ სააკაშვილის ალტერნატივად ივანიშვილი არ გამოჩენილიყო?
მთელი ქართული მედია და მათ შორის ოპოზიციაც გულის ფხანით არის დაკავებული და ეს ფხანა არაფრის მომცემი არ არის. ამის ნახევარი ენერგია, რასაც ოპოზიცია საფხან საშუალებებში ხარჯავს, დაეხარჯა იმაში, რომ ქართული ოპოზიცია ხელისუფლების ალტერნატივად გამხდარიყო, მაშინ შეიძლებოდა რაღაცის შეცვლა. მარტო ხელისუფლების გინებით არაფერი არ შეიცვლება, გარდა იმისა, რომ საზოგადოების საკამოდ დიდი ნაწილი, ბოლოს და ბოლოს, მიდის იმ დასკვნამდე, რომ არც ერთი ვარგა და არც მეორე, აყვება ამ გინებას და არ წავა არჩევნებზე - ეს არის ერთი სტრატეგია.
მეორე სტრატეგია შეიძლება იყოს ის, რომ იმ პარტიას მისცეს ხმა, რომელიც რაღაცით მოსწონს. „მთავარი არხი“ და „TV პირველი“ ამ საკთხების წამოწევით რეალურად სახლში უშვებს პოლიტიკურად აქტიურ ნაწილს. ვიცით, რომ ნაციონალების მხარდამჭერები ყოველთვის მობილიზებული არიან, თუკი პოლიტიკურად აქტიური ნაწილი სახლში წავა, ასეთ შემთხვევაში გათანაბრდება შანსები, ისე, როგორც გათანაბრდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში.
ამ ტელეკომპანიის პოლიტიკური დღის წესრიგი გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული ადამიანები, მათ ახედებენ შიდა სამზარეულოში და სარგებლობენ პრივილეგიებით. დღეს, ძალიან რთულია ნებისმიერი პრეს-სამსახურის ხელმძღვანელთან კომუნიკაცია, არც თვლიან საჭიროდ, რომ ტელეფონზე გიპასუხონ, აღარაფერს ვამბობ ინფორმაციის გაცემაზე. ამ კუთხით იგივე ვითარებაა, რაც იყო სააკაშვილის მმართველობის დროს - სისტემა არ შეცვლილა. თავის დროზე, ხელისუფლებამ არ დასაჯა და ხელი გადააფარა კორუფციაში ჩართულ თავისი გუნდის წევრებს. სამაგიეროდ, გუნდიდან წასვლის შემდეგ სწორედ ეს ადამიანები გააქტიურდენენ და უკან ცუდად შემოუბრუნდნენ ხელისუფლებას. ამის მაგალითია ეკა ბესელია...
- რა თქმა უნდა, აქ ხელისუფლების ბრალეულობა არის. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ არც ერთმა ხელისუფლებამ არაფერი შეცვალა სანამ ალტერნატივა არ გაჩნდა. სანამ არ გაჩნდება პოლიტიკური გუნდის ალტერნატივა, რომლებიც დაკავშირებული არ იქნებიან ნაციონალებთან, ამავე დროს მოსახლეობას ექნება მოლოდინი მათ მიერ ქვეყნის მართვის, როგორც ჰქონდა იგივე სააკაშვილის და ივანიშვილის დროს, იქამდე არსებული ხელისუფლება თავს არ შეიწუხებს. დემოკრატია ამ პრინციპზეა აგებული.
ამ შემთხვევაში არც ვაკრიტიკებ და არც ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ, რომ დემოკრატიის პრინციპია კონკურენცია. თუ გვინდა, რომ ქართულმა მეწარმემ გამოუშვას კარგი ლუდი, ამისთვის გასაზრდელია კონკურენცია ლუდის ბაზარზე. კონკურენციამ უნდა გააუმჯობესოს ხარისხი, მათ შორის პოლიტიკურმა კონკურენციამ უნდა გააუმჯებესოს პოლიტიკური ხარისხი. ამ პრინციპზეა აგებული სისტემა. ჩვენ გვინდა, რომ მართვის ხარისხი გაუმჯობესდეს შეძახილით. არ გამოდის ასე.
მით უმეტეს არ გამოსდის „ქართულ ოცნებას“, რომელმაც მმართველობიდან რვა წლის განმავლობაში ვერ ააწყო პიარის მიმართულება, არ ჰყავთ სპიკერები, რომლებიც დოკუმენტებით და ფაქტებით გააბათილებენ ბრალდბებს. ეს იმუნური სისტემა დაქვეითებული აქვთ...
- მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო გენეტიკური წარმომავლობის პრობლემაა. ჯერ ივანიშვილმა თქვა - პიარი არ გვინდა, ხალხი თვითონ დაინახავსო. მერე მიყვნენ ყველა. არაპიარული ტიპები დაგროვდნენ უმეტესად, რა თქმა უნდა, ეს არ არის კანონზომიერება. ძალიან ზრუნავს პიარზე კახი კალაძე და შედეგსაც აღწევს. პიარის მნიშვნელობა ესმის გიორგი გახარიასაც, მაგრამ დანარჩენებს ეს ტენდენცია ჯერ კიდევ მოსდევთ. ვვარაუდობ, რომ ამ იდეას მხარს აღარ უჭერს თვითონ ივანიშვილიც. გაჩერდა, არ ჩანს საჯარო ცხოვრებაში. ნათქვამი აქვს, რომ ლაპარაკი არ გამომდისო და ამიტომ არ უყვარდა პიარი და კარგად ვერ გრძნობს პიარის თემის საჭიროებას. როგორც კომერსანტმა შეიძლება ეს ვერ იგრძნოს, მაგრამ პოლიტიკა პიარის გარეშე შეუძლებელია. ამ პოლიტიკური ალღოს სიმცირე გასდევს პარტიას, ვნახოთ, რას იზამენ ახალი ფიგურები, ვფიქრობ, რომ გამოასწორებენ მდგომარეობას.
რაც შეეხება კორუფციას, დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ეს სისტემაც copy-Paste-ით გადმოიტანეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა...
- თქვენ ჩემზე უკეთესად იცნობთ ჟურნალისტთა კორპუსს, იქ კორუფციის პრობლემა არ დგას?
სამწუხაროდ დგას...
- რამე გააკეთა ჟურნალისტთა კორპუსმა პრობლემის მოსახსნელად? - არა. ბაღივით არის საზოგადოება. სანამ ვინმე არ მოთხრის სარეველას, მანამდე ფეხს იდგამს და მრავლდება. კორუფციაც სარეველაა, თუ ხელი არ მოკიდეს, ფესვს გაიდგამს და გამრავლდება. ამიტომ არ არსებობს საზოგადოება, სადაც კორუფციის პრობლემა არ დგას და რატომ უნდა დასჭირდეს პოლიტიკურ გუნდს მისი აღმოფხვრა? - ძირითადად პოლიტიკური მოტივებით! და ვბრუნდები იქ, საიდანაც დავიწყეთ - ქართული პოლიტიკური სპექტრი რომ ქმნიდეს უკეთეს ალტერნატივას, რომლის წინაშედაც „ოცნება“ წამგებიან მდგომარეობაში იქნება, ეს „ოცნებისთვისაც“ უკეთესი იქნება. ასეთ შემთხვევაში „ოცნება“ ეცდება, რომ მათზე უკეთესი იყოს.
თქვენ ახსენეთ, რომ სააკაშვილის სისტემა დააკოპირეს და გადმოიტანესო. გადმოიტანდნენ, აბა რას იზამდნენ, გაკეთებული სისტემა იყო. უფრო ადვილია გაკეთებულ მანქანაზე დაჯდე და გააჭენო. ამიტომ, ყველაფერს ცუდს თავისი მიზეზი აქვს და ამ მიზეზში თუ ღრმად ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ პრინციპში „ქართული ოცნების“ ხარვეზები მთლიანად საზოგადოების პოლიტიკური პასიურობის და არაპროდუქტიულობის შედეგია. ერთი და იგივე სახეები ჩანს პოლიტკაში და სანამ ალტერნატივას არ მოამწიფებს საზოგადოება, იქამდე დარჩება ეს სიტუაცია.
თუ უბრალოდ მინდა-მინდას დავიძახებთ, ამითი არაფერი შეიცვლება. როცა გაჩნდება ალტერნატივა, მაშინ ამგვარ მხილებებს უკვე აზრი ეძლევა.
ჩემს უბანში ცხოვრობს ერთი ახალგაზრდა, ეკონომისტია, აქტიური ადამიანია, პოლიტიკური ინტერესები აქვს. შევთავაზე გაეკეთებინა პარტია, ამასწინათ შემხვდა და მითხრა, რომ ჯგუფი შევიკრიბეთ და დავიწყებთ პოლიტიკურ აქტიურობასო. ასეთი არის კიდევ მეორე და მესამე ჯგუფი. წამოვიდნენ უკვე, აქტიურ სივრცეში უკვე გაჩნდა ალტერნატივა.
ვხედავთ, რომ ადამიანების რაღაცა ჯგუფი მიდრეკილნი არიან კორუფციისკენ, თუ ხელისუფლება არ განთავისუფლდა ასეთი ოდიოზური ფიგურებისგან და არ აჩვენა საზოგადოებას, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ეს არ დააზარალებს „ქართულ ოცნებას“? იმიტომ, რომ დღეს ივანიშვილის, გახარიას და ღარიბაშვილის გარშემო ტრიალებს ქართული საზოგადოების ნდობა...
- დავუშვათ, არ გაითვალისწინა და შეიქმნა უარესი სურათი, რა ემუქრება ამით „ქართულ ოცნებას“? ემუქრება, რომ სხვა დაიკავებს მის ადგილს? - არა. სიტყვა კონკურენციას რატომ არ უწევთ ანგარიშს? ამიტომ არსებობს კონკურენციის მექანიზმი, თუ ადამიანი იძულებული არ არის კარგი გააკეთოს, ჩვეულებრივ შემთხვევაში ნაკლებად აკეთებს. უნდა აიძულო ადამიანი, რომ იყოს უკეთესი, ეს რეალობაა. ჩვენი საზოგადოების დამსახურებაა, რომ ისეთივე კრიტიკული არ იყო ოპოზიციის მიმართ, როგორიც იყო ხელისუფლების მიმართ.
ოპოზიცია უნდა გრძნობდეს, რომ ცუდი ხელისუფლება მისი ბრალია. ხელისუფლებას არ აქვს დისკომფორტი, რომ ურიეტინგო ოპოზიციისგან საფრთხე შეექმნება. ამიტომ დიდად არც საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით არის დაინტერესებული. ასე იყო სააკაშვილიც. მოულოდნელი მოვლენა მოხდა, როდესაც გამოჩნდა ივანიშვილი და რეიტინგიც მოულოდნელი იყო, თორემ სააკაშვილი თავისი პრობლემებით მიერეკებოდა ძალიან ბედნიერად.