გიორგი გახარია არსად წასვლას არ აპირებს და პირადად პასუხობს გავრცელებულ ინფორმაციას მისი გადადგომის შესახებ. გახარია არ ადასტურებს კონფლიქტს ბიძინა ივანიშვილთან და ირწმუნება, რომ არჩევნების დასრულებამდე პოსტს შეინარჩუნებს. ამასთან, უკვე მერამდენედ შეახსენებს ოპონენტებს, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. უფრო მეტიც, გახარია მადლობას უხდის ოპოზიციური ტელევიზიის ჟურნალისტებს იმუნიტეტის შეძენისთვის, რადგან გადადგომის შესახებ უამრავჯერ დასმულმა კითხვამ მას იმუნიტეტი გამოუმუშავა.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები, თუ ფერმერი. მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ. 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება“, - აცხადებს პრემიერი.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია ასეთი დარწმუნებული არ უნდა იყოს, რომ ივანიშვილი მას თანამდებობას დიდხანს შეუნარჩუნებს, რადგან ივანიშვილის პროგნოზირება და პოლიტიკური გემოვნების განჭვრეტა ძალიან რთულია.
პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ გიორგი გახარია წარმატებული პრემიერია, მაგრამ მას აქვს პრობლემები სოციალურ-ეკონომიკური კუთხით და შეიძლება გადაჰყვეს კიდეც ამ პრობლემებს.
დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს ყოფილი პრემიერის - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა ახსენდება და ინტერესდება, ბავშვების შიმშილობის გამო გაუშვეს პრემიერობიდან კვირიკაშვილი და ახლა ბავშვები არ შიმშილობენ?!
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი გახარია არის ერთადერთი ადამიანი „ქართულ ოცნებაში“, ვისაც შეუძლია ამდენი უსაქმური ჩაიბას და არჩევნებში მაღალი შანსი უზრუნველყოს „ოცნებისთვის“. ეს მტკიცდება თუნდაც ბოლო პერიოდში მისი მოღვაწეობიდან გამომდინარე.
„მეტი არ ჰყავთ არავინ. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ძალიანაც არ ეხატება გულზე გიორგი გახარია, რადგან პოპულარული ადამიანები მის ორბიტაზე არ უნდა იყვნენ, ბიძინაა მთავარი და გადამწყვეტი და ასეთი განწყობა უნდა სუფევდეს მუდმივად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ახლა გაორებული დამოკიდებულება აქვს გახარიასთან მიმართებით. ერთი მხრივ, ის ხვდება, რომ გახარიას მოშორება შეუქმნის პრობლემას, რადგან მას არ ეყოლება საკმარისად პოპულარული ადამიანი, რომელიც გაქაჩავს ამ თამაშს. მეორე მხრივ, ბუნებრივია, მას აქვს ეჭვიანობის გარკვეული შემოტევა, რადგან გახარიამ რომ მოიგოს არჩევნები, ბიძინა ამას როგორ დაუშვებს? არჩევნებს ხომ ბიძინა იგებს? ეს ხომ შეუცვლელი დოგმაა. შესაბამისად, მისი მთავარი საფიქრალი ახლა არის ის, როგორ გამოიყენოს, როგორ შეასრულებინოს მთელი შავი სამუშაო გახარიას ისე, რომ ამით სარგებელი ნახოს თვითონ და არა გახარიამ. ამ ამოცანას როგორ გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი, ამას მსვლელობაში დავინახავთ“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი გახარიას არავითარი პრობლემები არ აქვს. თუ რაიმე ობიექტური საფუძველი აქვს მის გადადგომასთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას, ეს იმიტომ, რომ გახარია ყალიბდება ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ადამიანი „ქართული ოცნების“ შიგნით, ვისი პოლიტიკური კაპიტალიც ნელ-ნელა თანაზომიერი ხდება ბიძინა ივანიშვილის კაპიტალის, ანუ ივანიშვილის გარდა „ქართულ ოცნებაში“ ჩნდება მეორე პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც საკმაოდ დიდი გავლენა და წონა აქვს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის თვალში. თუმცა, სანამ მთავარი საკითხი ქართული პოლიტიკისთვის და „ოცნებისთვის“ იქნება „ნაცების“ რევანში, მანამდე გამორიცხულია, გახარია ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად ვიხილოთ.
რაც შეეხება ბავშვების შიმშილობის გამო პრემიერ-მინისტრების გაშვების პრაქტიკას, დავით ზარდიაშვილი ადასტურებს, რომ, რასაკვირველია, გიორგი კვირიკაშვილის გაშვების ერთ-ერთი მიზეზი იყო სიღარიბეც, მაგრამ კვირიკაშვილის პოლიტიკა აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, მიუღებელი ბევრი რამის და არა მარტო ბავშვების შიმშილობის გამო. ბევრი მიმართულებით არაეფექტური აღმოჩნდა კვირიკაშვილის დროინდელი მთავრობა.
„ოპოზიციისგან მოდის ასეთი ინტერპრეტირება, რომ გახარია შეუცვლელი ფიგურა არ არის და ის მთავრობის ხელმძღვანელი აღარ იქნება. ეს პირდაპირ დივერსიული შეტევაა „ქართულ ოცნებაზე“, რომ ასეთი განწყობა შექმნან და „ოცნების“ ამომრჩეველი დააბნიონ, რადგან „ოცნების“ ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის გახარია უალტერნატივო პრემიერია. მომავალი არჩევნების შემდეგაც თუ ვინმე წარმოუდგენია „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს მთავრობის თავმჯდომარედ, ეს არის გახარია. ამიტომაც არწმუნებენ საზოგადოებას, თითქოს ივანიშვილსა და გახარიას სხვადასხვა მიზნები აქვთ. ობიექტურად, რაღაც თვალსაზრისით ეს ასეც არის, რადგან გახარია დიდწონიანი ფიგურა ხდება. საკითხის ასე დასმაც - ან კალაძე, ან გახარია, ესეც ინტერპრეტირებაა, სპეკულაციებია“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და მიიჩნევს, რომ ივანიშვილი გახარიაზე არ ეჭვიანობს.
ივანიშვილს რომ სდომოდა საჯარო პოლიტიკაში ფორმალურადაც ყოფილიყო ნომერ პირველი და პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო, ამის ყველანაირი ლეგალური საშუალება ჰქონდა. უბრალოდ, ივანიშვილს სხვანაირი მიზნები აქვს.
?
ამაზე თუ გიჟდება ბიძინა, ხომ იყო პრემიერი და იქნებოდა დღესაც! - რა, გააგდო ვინმემ სამსახურიდან, თუ როგორაა საქმე?!