სამპროცენტიან "რესპუბლიკურ პარტიას" და მის ე.წ. ნეოლიბერალ მესვეურებს ეროვნული ფასეულობებისგან რომ ასი სინათლის წელიწადი აშორებთ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არახალია. არც ისაა ვინმესთვის გასაკვირი, რომ ბოლო წელიწად-ნახევარში (რაც სათავეში კოალიცია მოვიდა) ამ პარტიის თაოსნობით არაერთი ანტიეროვნული საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა პარლამენტში, მაგრამ ეგ არაფერი. იმ განცხადებამ, რომელიც ამას წინათ დავით უსუფაშვილმა გააკეთა ერთ-ერთ კონფერენციაზე, შეიძლება ითქვას, პირწმინდად გადაწონა მთელი რესპუბლიკური სალიბერასტეთის მანამდელი ნამოქმედარი. მეტიც, ამ განცხადებით უსუფაშვილმა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნა და, ფაქტობრივად, თანაგუნდელებსაც მოუწოდა, ამყევით საქართველოს წინააღმდეგ ფერხულშიო. აი, რა განცხადებაზე მაქვს საუბარი: "ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ისეთი შეხედულება და იდეა, რომელიც შესაძლოა, ჩვენი მოქალაქეების ერთ ნაწილში ვერ არის ასეთი პოპულარული. მაგალითად, ჩვენ ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, რომ შენ, ჩემო შვილო, დაიბადე და გაჩნდი იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად უნდა შეეწირო. მე ამას არ ვეუბნები შვილებს, მე ვეუბნები, რომ, შვილო, თქვენ დაიბადეთ და შეიქმენით და გაჩნდით ამ ქვეყანაზე იმისთვის, რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერი, რომ ყველა საკითხზე გააკეთოთ თავისუფალი არჩევანი; და თუ თქვენი არჩევანი იქნება, გინდ სამშობლოს შეეწირებით, გინდ თქვენს პროფესიას და გინდ... რასაც გინდა. ბევრ ჩემს თანამემამულეს ეს არ ესმის და მსაყვედურობს, არ ხარ პატრიოტიო... მე არ დავდივარ გაღეღილი პერანგით, რომ ყველას დავანახო, ჯვარი მიკეთია თუ არ მიკეთია; იმიტომ რომ მგონია, ეს არის ჩემი პირადი საქმე. მე არც თქვენ, არც სხვას არ განვსჯი ამითი, რომელ ეკლესიაში დადის, რამდენჯერ დადის, როგორი ჯვარი უკეთია და ა.შ. მე მგონია, რომ ეს არის პერსონალური, ინდივიდუალური საქმე, რომელიც ჩემი, პოლიტიკოსის, საქმე არ არის. ეს ზოგს არ მოსწონს ამ ქვეყანაში...
მე მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ურთიერთობა, რასაც ძალიან ხშირად პოლიტიკური პარტიები მიმართავენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, დამღუპველია ქვეყნისთვისაც და ეკლესიისთვისაც. მე ამას არ გავაკეთებ. ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე თვლის, რომ ეს არის რაღაცა არასწორი ქართველობა, თუ მე არ შევედი რაღაც ჰამქარში და ისე არ მოვიქეცი, როგორც ბევრი ჩემი კოლეგა იქცევა; ამიტომ ჩვენ როდის მივიღებთ საკმარის ხმებს, ამომრჩევლის, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი. ალბათ, მაშინ, როდესაც ის ხალხი, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეებად თვლის თავს, ეზიარება აი, იმ ღირებულებებს, რაზეც ვლაპარაკობდი..."
ახლა მოდი, ამ ყველაფერს ობიექტურად შევხედოთ, თავისთავად უბედურება ის კი არ არის, რომ დასავლეთის პოლიტიკურ მესაჯდომეებთან კუდით გადაბმული უსუფაშვილი ასეთ განცხადებას აკეთებს (პირიქით, ეს სავსებით ლოგიკურია), უბედურება და ტრაგედია ისაა, რომ ეს სამპროცენტიანი პარაზიტი ხელისუფლებაშია, თანაც საკანონმდებლო ხელისუფლების სათავეში თან ისე, რომ ამომრჩეველს "რესპუბლიკური პარტიისთვის" ხმა არ მიუცია. პრინციპში, კაცმა რომ თქვას, ამასაც ავიტანდით, რეალურად ხალხის არჩეულ პარტიასთან რომ გვქონდეს საქმე, მაგრამ ყველამ ვიცით, რა მზაკვრობაც ჩაიდინა თავის დროზე ივანიშვილმა, - სააკაშვილის სიძულვილით დაბრმავებულ საზოგადოებას ჯერ იყო და მუხლებზე დაჩოქილს ახვეწნინა, პოლიტიკაში მოსულიყო, მერე მოვიდა და პირველი, რაც გააკეთა, წამყვან ძალად რესპუბლიკელები გამოაცხადა. მოკლედ, ყველა ამ უბედურების სათავე ივანიშვილია, მაგრამ მას ახლა თავი ქუდში აქვს და რაც უნდა გულზე მჯიღები ვირტყათ, ამით არაფერი შეიცვლება. ასევე არაფერი შეიცვლება მისი პოლიტიკური ნაშიერებისთვის, რადგან ოლიგარქის მხარდაჭერა მათთვის ის ფარია, რომელსაც ხალხი კი არა, მამაზეციერი ვერ გადააბიჯებს.
დავუბრუნდეთ ისევ უსუფაშვილს, თავის გამოსვლაში მან ამაყად განაცხადა: ჩემს შვილს სამშობლოსთვის თავგანწირვას კი არ ვუნერგავ, არამედ ვასწავლი, რომ თავისუფლებისა და ბედნიერებისთვის დაიბადაო. ე.ი. რა გამოდის, ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, არ არსებობს არც ზნეობა, მორალი და რამე მაღალი, ზეაღმატებული იდეალები, რისთვისაც ადამიანმა შეიძლება თავი გადადოს. არსებობს მხოლოდ პირადი, მერკანტილური ინტერესები და თუ ამ ინტერესებს დაიკმაყოფილებ, თავსაც ბედნიერად იგრძნობ. შეიძლება ითქვას, ეს არის პირველყოფილი აზროვნების ის ფორმა, რომელიც ადამიანს დაახლოებით 50 ათასი წლის წინათ ჰქონდა. ანუ, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ადამიანი ხორცის შეწვას ისწავლიდა და პირველი ჰომო საპიენსი გაჩნდებოდა. ახლა წარმოიდგინეთ, რა თაობა შეიძლება გაეზარდოს საქართველოს იმ ბავშვების სახით, ასეთი პირველყოფილი, ცხოველური ინსტინქტების იდეალებით რომ ყალიბდებიან პიროვნებებად. ცხადია, მათგან ახალ-ახალ უსუფაშვილებს, ხიდაშლებსა და ბერძენიშვილებს მივიღებთ, მაგრამ პრობლემა არც ესაა, მთავარი უბედურება ის არის, რომ ამ ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ კასტას გზა კვლავ ხსნილი ექნება ხელისუფლებისკენ. დიახ, მეგობრებო, "რესპუბლიკური პარტია" კარგად აცნობიერებს, რომ მათ სათავეში მოსვლის შანსი უკანასკნელად მიეცათ. სწორედ ამიტომ მთელი მათი ძალისხმევა ახლა იმაზეა ორიენტირებული, რომ რაც შეიძლება დიდხანს, ხანგრძლივად დარჩნენ მათი პოლიტიკური თუ გენეტიკური შთამომავლები ამ სადავეებთან.
მიაქციეთ ყურადღება კიდევ ერთ ფრაზას: ამომრჩევლისგან საკმარის ხმებს მაშინ მივიღებთ, როცა ხალხი ჩვენს ღირებულებებს ეზიარებაო. ეს რას ნიშნავს, მარტივად რომ ვთქვათ, ბატონი თავმჯდომარე სრულიად საქართველოს ზემოდან უყურებს, ხალხს ბნელ მასად აღიქვამს და არჩევნებში რესპუბლიკელების ჭეშმარიტ გამარჯვებას მხოლოდ მას შემდეგ მიიჩნევს შესაძლებლად, როცა საზოგადოება ე.წ. ნეოლიბერალურ ღირებულებებს მიიღებს.
ძვირფასო მკითხველო, 9 წლის მანძილზე "ნაცების" და ახლა კიდევ "ქოცების" გადამკიდეებს არა მგონია, ამის განმარტება გჭირდებოდეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოკლედ შეგახსენებთ, რაში მდგომარეობს მთელი ამათი ნეოლიბერალიზმის აპოგეა. ალბათ, ყველას გახსოვთ, რა განცხადება გააკეთა იგივე უსუფაშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე: სახელმწიფოს მართვა ბიბლიით ბოროტებააო. აღნიშნულ ღონისძიებაზე მან, ფაქტობრივად, მთელი თავისი გამოსვლა იმის მტკიცებას მიუძღვნა, რომ ცოდვა, როგორც ასეთი, არ არსებობს და ჭეშმარიტი ქრისტიანობა ყველანაირი მრწამსის, მსოფლმხედველობის მიმართ შემწყნარებლურია. "მამალი რესპის" ლოგიკა და სათქმელის დედააზრი აქ შემდეგში მდგომარეობდა: მნიშვნელობა არ აქვს არაფერს, არც ეროვნებას, ღირებულებებს, მორალს და იმას, რა სექსუალური ორიენტაციის ხარ, მთავარია, ადამიანად გაჩნდი და თავს ბედნიერად გრძნობდე (საკუთარ შვილსაც სწორედ ამას უნერგავს). საბოლოო ჯამში, მთელი ეს "ფილოსოფია" იმ შეხედულებამდე დადის, რომ კაცობრიობა ზედმეტადაა ზნეობრივი მარწუხებით შეკავებული, რომ ადამიანი ცხოველზე ბევრად უფრო უბედურია, რადგან მას არ აქვს სრული სექსუალური თავისუფლება და არ შეუძლია, დატკბეს ხორციელი სიამოვნებით თუნდაც საკუთარ მშობელთან, შვილთან და დასთან ან ძმასთან. აი, ესაა "რესპუბლიკური ნეოლიბერალიზმის" ამოსავალი წერტილი, რომელსაც უსუფაშვილი ნელ-ნელა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ გვაპარებს. თუმცა დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ ყველაფერს პირდაპირ, შეფარვის გარეშეც გვეტყვიან...
ეჰ, როგორც ჩანს, საზოგადოებაც უკვე შეეგუა არსებულ რეალობას და ხალხი მინებდა მოსალოდნელ განსაცდელს. ასე რომ არ იყოს, ჯერ ერთი, ამ პოლიტიკურ პარადოქსთან არ გვექნებოდა საქმე და ხელისუფლებაში მოღალატე რესპუბლიკელები არ იქნებოდნენ, მეორეც, უსუფაშვილ-ხიდაშლები და ბერძენიშვილ-ზურაბიშვილები თავიანთი იდეოლოგიური ფეკალიების გადმონთხევას ასე თამამად ვერ გაბედავდნენ. ნათქვამია, როგორიცაა ტყე, ისეთივეა ნადირიცო, - ეტყობა, ჩვენ ჯერ უკეთესის ღირსნი ვერ გავხდით. რას ვიზამთ, ხვედრს ვერ გავექცევით, იმედია, ბიძინა რომ ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოებას შექმნის, ის მაინც იქნება უფრო "მკაცრი" არბიტრი...