ემანუელ მაკრონმა შს მინისტრს პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევების შესწავლა და პოლიციის ეთიკის კოდექსის მიღება მოსთხოვა

ემანუელ მაკრონმა შს მინისტრს პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევების შესწავლა და პოლიციის ეთიკის კოდექსის მიღება მოსთხოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევების შესწავლა და პოლიციის ეთიკის კოდექსის მიღება მოსთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საფრანგეთში აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ რასიზმისა და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.

„პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრს იანვარში დაწყებული სამუშაოს სწრაფად დასრულება მოსთხოვა, რომელიც პოლიციის ეთიკის კოდექსის გაუმჯობესებასა და დახვეწას ეხება“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, 2018-2019 წლებში საფრანგეთში პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევები 41%-ით გაიზარდა.

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.