ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ქვეყანამ შესაძლოა აშშ-ის მსგავსად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დატოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
მან გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანმოს დაფინანსება შეწყვიტა და აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა ბრაზილიამაც მიიღოს.
„ჯანმომ იდეოლოგიური სარჩულის გარეშე უნდა იმუშაოს. არ გვჭირდება, რომ ადამიანებმა გარედან გვასწავლონ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჯანდაცვის სფეროში“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. 614 941 ინფიცირებულიდან 302 084 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 34 021 კი გარდაიცვალა.