საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს პანაიოტოპულოსმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ყველა სცენარისთვის, მათ შორის თურქეთთან სამხედრო კონფლიქტისთვისაც, რათა თავისი სუვერენული უფლებები დაიცვას.
„ბოლო დროს თურქეთის ქცევა საკმაოდ აგრესიული გახდა. ვფიქრობ, საბერძნეთისთვის ერთადერთი საშუალება, ასეთ აგრესიულ ქცევას გაუმკლავდეს, არის ის, რომ ერთი მხრივ, ჩვენი დიპლომატიური რესურსები გამოვიყენოთ, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ შეიარაღებული ძალების შემაკავებელი ძალა“, - განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მდივანმა ტელეარხ Star-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
დამაზუსტებელ კითხვაზე, მზად არის თუ არა საბერძნეთი თურქეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის, თავდაცვის მინისტრმა დადებითი პასუხი გასცა.
„ჩვენ ეს არ გვსურს, თუმცა გვსურს გავაგებინოთ, რომ ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ, რათა ჩვენი სუვერენული უფლებები მაქსიმალურად დავიცვათ. ყველაფერი შესაძლებელი კი სამხედრო ასპექტსაც მოიცავს“, - აღნიშნა მინისტრმა.
რამდენიმე დღის წინ თურქეთის სამთავრობო გაზეთში განაცხადები გამოქვეყნდა ბერძნულ კუნძულებთან მახლობლად ნახშირწყალბადების გამოკვლევასა და მოპოვებაზე ლიცენზიის მიღების თაობაზე. 1-ელ ივნისს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ თურქეთი სხვა ქვეყნის სუვერენული უფლებების მითვისებას ცდილობს და აღნიშნულს პროვოკაცია უწოდა, რადგან საუბარია საბერძნეთის კონტინენტურ შელფზე.
3 ივნისს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას წერილი გაუგზავნა თურქეთის პროვოკაციასთან დაკავშირებით. საბერძნეთის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ თურქეთის მხრიდან შესაძლო ესკალაციამ არა საბერძნეთისა და თურქეთის, არამედ ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობებში კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს.