2024 წლის ბოლოსთვის თსუ-ის ყველა ძირითადი სასწავლო კორპუსი გარემონტდება

2024 წლის ბოლოსთვის თსუ-ის ყველა ძირითადი სასწავლო კორპუსი გარემონტდება

„2024 წლის ბოლოსთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ძირითადი სასწავლო კორპუსი გარემონტდება“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად თსუ პირველი და მეორე კორპუსების გარე ფასადების განათების დათვალიერებისას. მისი თქმით, უნივერსიტეტმა უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი წამოიწყო.  ამჯერად მიმდინარეობს მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.

„ეს უზარმაზარი შენობა პირველ კორპუსზე ორჯერ დიდია და სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ კორპუსში გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა. სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოყოფილი დაფინანსებით ხორციელდება.  სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, დაიწყო შიდა სამუშაოები. უკვე შეიცვალა 800 ფანჯარა, სახურავი,  სველი წერტილები და ცენტრალური გათბობის სისტემა, გამაგრდა შენობა, გარემონტდა ფასადი. ახალი სასწავლო წლისთვის კორპუსის ნახევარი უკვე გარემონტებლი იქნება,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი 21,3 მლნ ლარით დაფინანსდა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დაფინანსება საქართველოს განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტრომ გამოყო. შიდა სარემონტო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში სრულად მოხდება შენობის რეაბილიტაცია, მოეწყობა სახანძრო და გაგრილება-ვენტილაციის სისტემები, ლიფტები. სარემონტო სამუშაოების შემდეგ მეორე კორპუსი სრულად დააკმაყოფილებს ყველა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტს. სულ  25 000 კვ.მ. ფართობი გარემონტდება. მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.

თსუ მეორე კორპუსი 1940 წელს არქიტექტორ მიხეილ შავიშვილის პროექტით უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობის არქიტექტურისა და სტილის გათვალისწინებით აშენდა. თსუ I კორპუსის სარემონტო სამუშაოები 2008-2011 წლებში  ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

რექტორმა თსუ-ში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „იგეგმება უზარმაზარი საერთო საცხოვრებლის აშენება თსუ მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, რომელშიც 3000 სტუდენტი იცხოვრებს. ეს იქნება კავკასიაში ყველაზე დიდი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, სტუდენტური ქალაქი, რომელიც, სავარაუდოდ, 2021 წელს  დასრულდება.“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს აკადემიური და კვლევითი დანიშნულების 27 შენობაშია განთავსებული.