ონლაინ-პეტიცია, რომლის ავტორებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებაში დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვენ, პლატფორმაზე Change.org ხელი 15-მა მილიონმა ადამიანმა მოაწერა.
„ვცდილობთ, მინეაპოლისის მერის, ჯეიკობ ფრეის და ოლქის პროკურორის, მაიკ ფრიმენის ყურადღება მივიქციოთ და ვთხოვოთ, გაათავისუფლონ ამ ამაზრზენ ისტორიაში მონაწილე ოფიცრები და დაუყოვნებლივ წაუყენონ ბრალდება“, - ნათქვამია პეტიციაში.
ორეგონის შტატის მცხოვრებმა, 15 წლის კელენმა პეტიცია პლატფორმაზე 27 მაისს განათავსა. 3 დღეში მას უკვე 5.8 მილიონი ხელმოწერა ჰქონდა. Change.org-ში აცხადებენ, რომ ეს პლატფორმის ისტორიაში ყველაზე პოპულარული პეტიციაა.
აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.