ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო ათენში გამართული საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა, აშშ-ის საელჩოს შენობას მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინეს. პოლიციამ დემონსტრანტებს ცრემლმდენი გაზით უპასუხა, – ამის შესახებ Greekcitytimes-ი წერს.
დაკავებულია 5 ადამიანი. საპროტესტო მარშში 3 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
ათენის ცენტრში განლაგებული აშშ-ის საელჩო პოლიციის ავტობუსებითაა გარშემორტყმული. გაძლიერებულია დაცვა.
აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.