რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ში განვითარებული არეულობა აშშ-ის შიდა საკითხია და რუსეთი არ ერევა ამ პროცესში.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს. ყველაფერი, რაც იქ ხდება, აშშ-ის შიდა საქმეა. ჩვენ არასდროს ვერეოდით ამერიკის საქმეებში და ამის გაკეთებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
აქამდე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ყოფილმა მრჩეველმა, სიუზან რაისმა განაცხადა, რომ აშშ-ში განვითარებული არეულობა შესაძლოა გარედან იყოს ორგანიზებული რუსული კონსპექტების მიხედვით.
„არიან მშვიდობიანი გამპროტესტებლები, რომელთა ყურადღება რეალურ ტკივილსა და უთანასწორობაზეა ფოკუსირებული, რომელსაც ჩვენ ყველანი ვებრძვით. თუმცა, ასევე არიან ექსტრემისტები, რომლებიც ამ პროტესტის წასართმევად მოვიდნენ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ეს რუსული კონსპექტებიდან არის გადმოწერილი“, - განაცხადა სიუზან რაისმა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ყოფილმა მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ „წლების განმავლობაში რუსეთი სოციალურ ქსელებში მტკივნეულ, სადავო თემებს იყენებს და ორივე მხარეს თამაშობს“.
„რუსეთის მიზანია გაგვყოს, რათა ერთმანეთს დავეტაკოთ“, - დასძინა მან.
აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.