რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლუდოვიკ ორბანმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო 3000 რუმინული ლეის (617 ევრო) ოდენობის ჯარიმა გადაიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Euractiv-ი ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ორბანი და სხვა მინისტრები მის კაბინეტში სხედან, პრემიერი სიგარეტს ეწევა და ოთახში მყოფ არც ერთ პირს ნიღაბი არ უკეთია.
ორბანმა შეზღუდვების დარღვევა აღიარა და განაცხადა, რომ მინისტრები მის კაბინეტში 25 მაისს, მის დაბადების დღეს შეიკრიბნენ.
„პრემიერმა იცის, რომ წესები ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას. თუ კანონი ირღვევა, პირს ეკისრება სანქციები“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.