რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 232 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან ახალი მაქსიმუმია.
წინა მაქსიმუმი 26 და 28 მაისს დაფიქსირდა, როდესაც 24 საათის განმავლობაში რუსეთში 174 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსს 4 374 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 8 572 შემთხვევა დადასტურდა, რამაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 387 623-მდე გაზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.