ჩინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე პეკინისადმი დაუმორჩილებლობას კრძალავს

ჩინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე პეკინისადმი დაუმორჩილებლობას კრძალავს

ჩინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჰონგ-კონგის უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონს, რომლის თანახმად ავტონომიის ტერიტორიაზე პეკინისადმი დაუმორჩილებლობა დანაშაულად ითვლება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ახლა კანონს უკვე ჩინეთის მთავრობა განიხილავს. სპეციალისტები შიშობენ, რომ ახალი რეგულაციების გამო ჰონგ-კონგმა შესაძლოა ავტონომია დაკარგოს. ამასთან, ჩინეთს საშუალება მიეცემა ისტორიაში პირველად რეგიონში უშიშროების თავისი აგენტები განაწესოს.

ახალმა კანონმა შესაძლოა ჰონგ-კონგის ეკონომიკაზეც იქონიოს გავლენა. როგორც 27 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, თუ ჰონგ-კონგი ავტონომიას დაკარგავს, ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციები მასზეც გავრცელდება.

ოთხშაბათს, ჰონგ-კონგის პარლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტის განხილვას არეულობა მოჰყვა. კანონმდებლები მსჯელობენ, იქნება თუ არა ჩინეთის ეროვნული ჰიმნისადმი უპატივცემულობის გამოხატვა დანაშაულად. პოლიციამ ქუჩებში გამოსული ამ პროექტის ასამდე მოწინააღმდეგე დააკავა.