უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო 29 მაისს გამოძიების სახელმწიფო ბიუროში დაიბარეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი გამოძიების სახელმწიფო ბიუროში თავდაპირველად 26 მაისს იყო დაბარებული, თუმცა გამოუცხადებლობის გამო ის უწყებაში ხელმეორედ დაიბარეს. „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერი გამოძიების სახელმწიფო ბიუროში ორ საქმეზე მოწმის სახით არის დაბარებული.
როგორც ბიუროს პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, პირველი საქმე უკრაინის საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად ცნობილი მხატვრების 43 ტილოსგან შემდგარი კოლექციის გადატანას ეხება. მეორე საქმე ეხება „სპეციალური ტექნიკური საშუალებების შესაძლო უკანონო გამოყენების ფაქტს ისეთი ინფორმაციის მისაღებად, რომელმაც შეიძლება, სახელმწიფო ინტერესებს არსებითი ზიანი მიაყენოს“.
როგორც უკრაინული მედია წერს, საუბარია პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბრის საქმეზე.