ივნისიდან ნიდერლანდების მთავრობა ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ეტაპზე გადავა. ქვეყანაში სკოლები, კაფეები და მუზეუმები გაიხსნება, - აცხადებს ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სკოლები მაღალკლასელებისთვის 2 ივნისს გაიხსნება, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კი 8 ივნისიდან.
კაფეები და მუზეუმები მუშაობას 1-ელი ივნისიდან გააგრძელებენ. სავალდებულო იქნება 1.5-მეტრიანი დისტანციის დაცვა.
როგორც ნიდერლანდების პრემიერი განმარტავს, შეზღუდვების შემსუბუქება ორმა ფაქტორმა განაპირობა: ინფიცირებულთა რაოდენობის სტაბილურად კლებამ და საავადმყოფოებში დაავადებულთა ნაკადის შემცირებამ.
ქვეყანაში ამ დრომდე კოვიდინფიცირების 44 249 შემთხვევაა აღწერილი. ვირუსს 5 715 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 4 953 917 ადამიანი დაინფიცირდა, 1 939 068 კი გამოჯანმრთელდა.
ინფექციას 323 101 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (92 672) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი (35 341), მესამეზე კი - იტალია (32 169).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.