ჩინელი მეცნიერები ახალ პრეპარატზე მუშაობენ. მათი ინფორმაციით, წამალი პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს. ინფორმაციას France24-ი ავრცელებს.
პრეპარატი პეკინის უნივერსიტეტში უკვე გამოსცადეს და მან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პერიოდი არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეამცირა, არამედ ორგანიზმში იმუნიტეტიც დატოვა.
„როდესაც ინფიცირებულ თაგვებში გამანეიტრალებელი ანტისხეულები შეგვაქვს, ხუთი დღის შემდეგ ვირუსული დატვირთვა მცირდება 2.500 ფაქტორით. ეს ნიშნავს, რომ ამ პოტენციურ პრეპარატს აქვს თერაპიული ეფექტი“, – აღნიშნა პეკინის გენეტიკის მოწინავე ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა ფრანგულ მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, პრეპარატი მუშავდება გამანეიტრალიზებელი ანტისხეულებით, რომლებიც ადამიანის იმუნური სისტემის მიერ არის წარმოებული, რომლებიც მეცნიერთა ჯგუფმა 60 გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლიდან გამოავლინა.