შვეიცარიის ქალაქ ციურიხში პირბადეების წარმოების დაწყება ივნისამდე გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პირბადეების მწარმოებელი ორი სრულიად ავტომატიზირებული ჩარხი ქვეყანამ ჯერ კიდევ მარტის ბოლოს შეიძინა. თითოეულ ჩარხზე 24 საათში 70 ათასი სამედიცინო პირბადის წარმოებაა შესაძლებელი.
თავდაპირველად წარმოების დაწყება აპრილის შუა რიცხვებში იგეგმებოდა, თუმცა ჩინეთიდან ჩარხები ქვეყანამ მხოლოდ აპრილის ბოლოს მიიღო. შვეიცარიულმა კომპანია Flawa-მ წარმოების დაწყება მაისის შუა რიცხვებამდე გადადო, თუმცა პროცესი არც ამ ვადებში დაიწყო.
Flawa-ს პრესმდივნის, ალფრედო შილიროს განცხადებით, ჩარხების ასაწყობად გარკვეული დროა საჭირო, ამიტომ წარმოება ივნისამდე ვერ დაიწყება.
ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის (ETH) მეცნიერების გათვლებით, უახლოეს თვეებში ქვეყანას ასობით მილიონი პირბადე დასჭირდება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 30 587 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 603 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.