15 მაისს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილში სერიოზული უკმაყოფილება და იმედგაცრუებაა. მათ, შესაძლოა, იმით „იძიონ შური" „ქართულ ოცნებაზე", რომ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებს საერთოდ ბოიკოტი გამოუცხადონ. დაკარგა თუ არა ამომრჩეველი „ოცნებამ" და როგორ შეძლებს მათ დაბრუნებას მმართველი გუნდი?
„ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის - ლადო კახაძის აზრით, „ოცნებას" ამომრჩეველი არ დაუკარგას, ის დღეს განაწყენებულია, თუმცა დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „ოცნების" ამომრჩეველი სწორად შეაფასებს ვითარებას - ვინ იბრძვის ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ვის უნდა რევოლუცია და შიდა არეულობა.
„მე ექიმი ვარ და ხშირად მიჩვენებია ოპერაციის შემდეგ პაციენტისთვის მისი სხეულიდან ამოჭრილი დაავადებული ნაღველი, მაგრამ არ დაუჯერებია და უთქვამს, რომ ეს მისი არ არის. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ოპერაციაზე არ გთანხმდება, მაგრამ როდესაც მიხვდება, რომ ეს ოპერაცია ანგარებასთან არ არის დაკავშირებული, მოგყვება. ასე რომ, ძნელია ურწმუნო ადამიანების დაჯერება.
„ასეა პოლიტიკაშიც და პირადად მე სწორად არ მიმაჩნია, რაიმე ზეგავლენა მოვახდინო ამომრჩეველზე, ან თავის მართლება დავიწყო, ამას თავად განსჯის ამომრჩეველი - ვინ არის მართალი და ვინ - არა, ვის უნდა ქვეყნის კეთილდღეობა და ვის - რევოლუცია და შიდა არეულობა.
„რაც შეეხება ბოლო მოვლენას, ჩვენ ამომრჩეველი არ დაგვიკარგავს. ის შეიძლება დღეს განაწყენებულია, მაგრამ თუ მოვლენებს შორიდან შევხედავთ, დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი, რომელიც საარჩევნო ყუთთან მისასვლელად ემზადება, და ჩვენი ამომრჩეველი ინერციით არ მოდის, სწორ არჩევანს გააკეთებს.
„ჩემი მხრიდან კი მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ წლების განმავლობაში აყალიბებდა პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოიარა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩეულ გზას არ გადაუხვიოს. ამ დღეებში ალბათ გვექნება უმრავლესობის შეხვედრა, სადაც გადაწყვეტილება არა ერთპიროვნულად, არამედ კონსენსუსის შედეგად მიიღწევა. ხელისუფლებას რაც ევალება, ის იმ პროცესს თანმიმდევრულად, მშვიდობიანად ბოლომდე მიიყვანს," - განაცხადა „რეზონანსთან" ლადო კახაძემ.
როგორც პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ აღნიშნა, ძნელი სათქმელია, როდემდე გაჰყვება ქართველ ამომრჩეველს ეს ნიჰილიზმი, თუმცა დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური პროცესების სწორად წარმართვის შემთხვევაში ამომრჩევლის 50%-ზე მეტი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„დღეს საზოგადოებას ძალიან მძიმე პერიოდი უდგას - განაწყენებულია პოლიტიკურ სპექტრზე, თავის ცხოვრებაზე, არსებობაზე, მსოფლიოზე..., რაც ბუნებრივი და სწორია, მაგრამ რამდენად გაჰყვება ეს ნიჰილიზმი არჩევნებამდე, ძნელი სათქმელია და დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წავა პოლიტიკური პროცესები, შევა თუ არა ცვლილება კონსტიტუციაში, როგორ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი, ვინ ვისთან გადაჯგუფდება და იქნება თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია. შემდეგ, როგორ საარჩევნო კამპანიას წარმართავენ პოლიტიკური ძალები, ვინ რას შეჰპირდება ამომრჩეველს, გამოჩნდება თუ არა საერთოდ ივანიშვილი არჩევნებამდე და ა.შ.
„არჩევნებამდე ჯერ 6 თვეა დრჩენილი და შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. თუმცა, ქართველი ამომრჩევლის ბუნებიდან გამომდინარე, როდესაც ის არჩევანის წინაშე დგება, წავიდეს თუ არა არჩევნებზე, ის წავა - ასე იყო ყოველთვის. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზე ძალიან დაბალი აქტივობა იქნება, ამომრჩევლის 50%-ზე მეტი მაინც მივა არჩევნებზე," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
რა გავლენას იქონიებს „ოცნების" დათმობა მის ამომრჩეველზე, ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ამას მხოლოდ კომპეტენტური და სანდო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა დაადგენს.
„კარგავს თუ არა ამომრჩეველს „ოცნება" ბოლო დღეების მოვლენების ფონზე, ან რამდენი აპირებს სახლში დარჩენას, ამას დაადგენს მხოლოდ კომპეტენტური და სანდო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა. ჩემ მიერ თუ სხვა ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებები ამ საკითხზე იქნება მხოლოდ ვერსიები და ვარაუდები," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.