გიორგი (ჟორიკა) რურუას ადვოკატები დღეს სასამართლო პროცესზე რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ. „მთავარი არხის“ ერთ–ერთი მეწილე და მოძრაობის „სირცხვილია“-ს დამფინანსებლის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს, რომ რურუას პატიმრობაში დატოვების სამართლებრივი საფუძვლები აღარ არსებობს, ვინაიდან მოწმეთა უმეტესობა უკვე დაკითხულია.
როგორც საძაგლიშვილი აცხადებს, დაკითხული პოლიციელებიც კი ვერ ადასტურებენ, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. რაც შეეხება გათავისუფლების მექანიზმს, სასამართლოში მხარეებს შეუძლიათ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, ან გაუქმების შუამდგომლობა დააყენონ. ეს შეუძლია როგორც დაცვის მხარეს, ასევე პროკურატურას.
„არანაირი მოლოდინი არ მაქვს არც პროკურატურასთან და არც სასამართლოსთან მიმართებაში და არც მინდა მქონდეს. ეს რეალური საქმე რომ იყოს, როგორც ადვოკატს, შეიძლებოდა მევარაუდა, რომ ახლა ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ, პროკურატურამ, მაგრამ ვინაიდან ეს პროცესი თავიდანვე პოლიტიზირებული იყო, შეუძლებელია, წინასწარ განჭვრიტო, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. დარწმუნებული ვართ, რომ სიმართლე აუცილებლად გაირკვევა და დადგინდება მათ შორის ის, როგორ მოხდა გიორგი რურუასთვის ცეცხლსასროლი იარაღის ჩადება, მაგრამ ეს როდის მოხდება და რა ფორმით, წარმოდგენა არ მაქვს“, – აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით დააკავეს. დაკავებიდან ძალიან მალე ოპოზიციამ რურუას, როგორც ოპოზიციური არხის მეწილეს, პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა და მის განთავისუფლებას ითხოვენ. ოპოზიციის ამ მოთხოვნას იზიარებენ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები.
გიორგი რურუას შესახებ დასავლელ პოლიტიკოსებს განსხვავებულ ინფორამაცას აწვდის, ამერიკის მოქალაქე, თამარ თორაძე, რომლის განცხადებით, ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს არ აქვთ ინფორმაცია რურუას კრიმინალური წარსულის შესახებ. მისი თქმით, იზიარებს ევროპელების წუხილს, რომ რურუა რომელიც ოპოზიციური ტელევიზიის დამფუძნებელია, არ უნდა იყოს გასამართლებული იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით, რადგან რურუა გასამართლებული უნდა იქნას საშინელი ცინიზმით და წინასწარ განზრახული საშინელი მკვლელობის ბრალდებით.
„მე, თამარ თორაძე პირდაპირ ვაცხადებ, რომ 1992 წლის 3 მარტს გიორგი რურუამ ჩემს თვალწინ ჩაცხრილა ჩემი ორი ძმა და საკონტროლო ტყვიაც დაახალა ორივეს. მე მაშინ 13 წლის ვიყავი, ეს ხდებობა ჩვენი, პატარა ბავშვების თვალწინ. ჩვენ აკრძალული გვქონდა გლოვა. გაფრთხილებული ვიყავით, რომ ჩვენც იგივე ბედი გვეწეოდა. 2000 წელს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რურუების წინააღმდეგ და ჩვენგან ითხოვდნენ ჩვენების მიცემას. მაშინ რურუებს გავლენა და ძალა ჯერ კიდევ დიდი ჰქონდათ. მე ვარ ამ საზარელი მკვლელობის უშუალო მოწმე და მაქვს მტკიცებულებები, მივმართავ საქართველოს პროკურატურას და მთავრობას, რომ გამოიძიონ ეს საქმე, გიორგი რურუა არის ცივსისხლიანი მკვლელი, ერთი ჩვეულებრივი მკვლელი და არანაირი პოლიტიკური პატიმარი“, – აცხადებს თამარ თორაძე.
როგორც თორაძე for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, პროკურატურაში საჩივრის შეტანა 2015 წელს უნდოდა, მაგრამ ნიკოლოზ რურუას იმხელა ძალა ქონდა, რომ ვერ მოერია. შესაბამიად, თორაძემ გამოძიებას ახლა მიმართა.
„ხალხზე ზეგავლენას ისე ახდენდა პროკურატურამდეც ვერ მივაღწიე. დეტალებზე გამოძიებას ხელი რომ არ შევუშალო, ამ ეტაპზე არ ვისუაბრებ. მოლოდინი მაქვს იმისა, ჟორიკა რურუას 13 წლის ბავშვი და ზდასრული ერთად ჩავხედავთ, მაგრამ ეს შიში აღარ იქნება. ეს იქნება სხვა უფრო უძლიერესი. მე ამაყად მინდა დავდგე მკვლელის წინ. მას კი სურს დაივიწყოს და დავივიწყოთ, მაგრამ არ გამოვა. ჟორიკა რურუამ უნდა თქვას სად წაიყვანა და სად ჩამარხა ჩემი 2 ძმა, ზაზა და პაატა“, – აღნიშნა თამარ თორაძემ.
როგორც ცნობილია, გასული კვირის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტმა „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი, გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. შეწყალების აქტი არ შეეხო გიორგი რურუას და როგორც ირკვევა, ევროპელი პოლიტიკოსების აღშფოთების მიუხედავად, პრეზიდენტი რურუას შეწყალებას არ აპირებს.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ევროპული ჯგუფის აღშფოთება ძალაში უნდა დატოვოს, მოემზადოს და სრული მობილიზაცია გააკეთოს იმისთვის, რომ გააუვნებელყოს ეს ჯგუფი, თვითონ ევროპული სტრუქტურის ხელმძღვანელებთან მჭიდრო ურთიერთობით.
„სხვა თუ არაფერი, მას ის პოლიტიკური არგუმენტიც აქვს, რომ ასეთი სტრატეეგით ევროპა ძალაუნებურად უბიძგებს საქართველოს რუსეთისკენ. ჯერ ერთი, რომ ტოვებს რუსეთთან პირისპირ და მერე უბიძგებს რუსეთისკენ ამ სამი ადამიანის გამო, რომელთა თაობაზე საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილში ორი აზრი არ არის და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ისინი დამნაშავეები არიან და ყველა სტრუქტურაში შეილება ამის დადასტურება.
ამ ფონზე, ამ პერსონების გამო, საქართველოს მარტო დატოვება რუსეთთან პოლიტიკური დანაშაულია და ეს უნდა გააგებინონ იმათ, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს და არა ასეთ, უკაცრავად და პეშკებს, რომლებიც პოლიტიკით კი არ ხელმძღვანელობენ, არამედ პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას დროულად უნდა ემოქმედა, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ასეთ კრიტიკას მიიღებდა. როგორც ძაბირაძე აცხადებს, ხელისუფლებამ ოქრუაშვილი და უგულავა იმის შიშით კი არ შეიწყალა, რომ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს დაიწყებდა, არამედ იმის გამო, რომ დასავლეთიდან კრიტიკული გზავნილები ისმოდა.
„ოპოზიციისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ მგონია, მათ რაიმე რესურსი ჰქონდეთ იმისთვის, რომ ამ ეტაპზე რაღაც მნიშვნელოვანი საპროტესტო მოძრაობა დაიწყონ. უფრო მშვიდ და სტაბილური პოლიტიკურ გარემოში ვერ შეძლეს უფრო მასშტაბური აქციების გამართვა. ასე რომ, ეს ფაქტორი არ არის. მთავარი ფაქტორი არის დასავლეთი. ჩემი აზრით, ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ არის, მაგრამ ამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩვენი პარტნიორები ჩაერთვნენ. სწორედ მათ გაუწია ხელისუფლებამ ანგარიში და არა საზოგადოებრივ ვითარებას. არ ვიცი, რა მოლაპარაკებები ჰქონდათ.
რა თქმა უნდა, კულუარული მოლაპარაკებები იქნებოდა იმ განცხადებების მიღმა, რა განცხადებებიც გაკეთდა, თუნდაც ევროპაში და თუნდაც ვაშინგტონში. თუ დასავლეთი ჩათვლის, რომ ორი პატიმრის გათავისუფლება სრულიად საკმარისია, მაშინ რურუა იმდენ ხანს იჯდება ციხეში, რამდენ ხანსაც „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს. თუ დასავლეთი ჩათვლის, რომ მათი გათავისუფლება საკმარისი არ არის და გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლდეს, შესაბამის ზომებს მიიღებენ. სწორედ მაშინ მოიძებნება მექანიზმი იმისთვის, რომ რურუაც გაათავისუფლონ და ვფიქრობ, რომ ეს არის მთელი ამ პროცესის ანატომია“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.