მმართველი გუნდი ძველ სახეებს არ ივიწყებს, მაგრამ არც ახლებზე ამბობს უარს. არჩილ თალაკვაძე ყველა იმ ადამიანს აიმედებს, ვინც დღეს „ქართულ ოცნებაშია“, რომ ისინი მომავალშიც თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებენ, მაგრამ აქვე დასძენს, რომ 2020 წელს „ოცნების“ გუნდი აუცილებლად განახლებული სახით წარდგება.
უკვე ცნობილია, რომ გუნდში დარჩებიან გამოცდილი პოლიტიკოსებიც. მართალია, პარლამენტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, ვინ იქნებიან ისინი, მაგრამ საზოგადოებას ანდობს, თავად გამოიცნონ, დღევანდელი შემადგენლობიდან ვინ გადაინაცვლებს მომავლის გუნდში. ყოველ შემთხვევაში, არჩილ თალაკვაძე 2020 წლისთვის საინტერესო გუნდს გვპირდება იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაწყებულ შერჩევის პროცესს თან ახლდა გასაუბრება, კონსულტაცია, სპეციალური შეფასება და მომავლის გუნდის რჩეულებმა ეს კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.
პარალელურად, „ქართულ ოცნებაში“ გავლენებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. როგორც ამბობენ, ძირითადი მოთამაშეები დედაქალაქის მერი კახა კალაძე და სუსი-ს უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი იქნებიან, მომავალ პოლიტიკურ რეალობაში კი გიორგი გახარია არ ჩანს.
მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ახალი სახეებით დაკომპლექტებისას საკმაო გავლენა გრიგოლ ლილუაშვილს ექნება, არც ის არის გამორიცხული, თავად ლილუაშვილი გახდეს პოლიტიკური ფიგურა, მით უმეტეს, მას უკვე აქვს სერიოზული კულუარული გავლენებიც და პოლიტიკური გამოცდილებაც. ეს კი ნიშნავს, რომ კახა კალაძის საპირწონე გახარია კი არა, სუსი-ს ხელმძღვანელი ხდება.
რაც შეეხება გიორგი გახარიას, დავით ჭიჭინაძის აზრით, გახარია არ არის გუნდური მოთამაშე, შესაბამისად, ის ვერც გუნდს შეკრებს, განსხვავებით კალაძისგან, რომელსაც ამბიციაც გააჩნია და გუნდურობაც ფეხბურთელობიდან მოსდევს. ამდენად, თუ კალაძე თავისი 22 მაჟორიტარით დარჩება თბილისში, გაცილებით მეტი გავლენა ექნება „ქართულ ოცნებაში“ მყოფ ნებისმიერ ადამიანთან შედარებით და, შესაბამისად, ივანიშვილისთვისაც უფრო სახიფათო გახდება.
ვის უფრო მეტი რეპუტაცია აქვს „ქართულ ოცნებაში“ და ვის უფრო ენდობიან ახალი კადრების დაკომპლექტებისას?
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 31 ოქტომბერსაა დანიშნული, „ქართულ ოცნებაში“, ალბათ, ფიქრობენ იმაზე, რა სახეებით წარდგებიან მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ მძიმე პროცესები გამოიარა ბოლო თვეების განმავლობაში და საკმაოდ მძიმე არჩევნები ელის, იგი დაინტერესებული უნდა იყოს, ამომრჩევლის წინაშე ისეთი სახეებით წარდგეს, რომელთაც საზოგადოებაში მაღალი ნდობა და რეპუტაცია ექნებათ.
„თქვენს მიერ დასახელებული სამი დაჯგუფებიდან ვინ იქნება შერჩეული, ვერაფერს გეტყვით. ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ ზოგად პრინციპზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს ახალი საპარლამენტო სიის შედგენისას და, ასევე, მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენისას. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება და თავად „ქართულ ოცნებაშიც“ ამაზე, ალბათ, არ არიან ბოლომდე ჩამოყალიბებულნი, რადგან რთულია სიის შერჩევა. ჩვენ ვნახეთ 2011 წლის პარტიული სიის მაგალითზე, რომ „ქართულ ოცნებაში“ მოყვანილმა ე.წ. ახალმა სახეებმა რა სარმა დაუდეს საკუთარ პარტიას და დღეს რას აკეთებენ. მე მგონი, იმაზე მეტ ზიანს აყენებს ზოგიერთი მათგანი „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ოპოზიცია. ასე რომ, უფრო მეტი ყურადღების დათმობა მოუწევთ ახალი სახეების შერჩევისას, რომ დაშვებული შეცდომები არ გაიმეორონ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბრისას.
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, ეს პირადად მისი ვიზუალური ხედვაა, მაგრამ კახა კალაძე საკმაოდ მიმზიდველ ფიგურად მოსჩანს რიგითი ამომრჩევლის თვალში და, შესაბამისად, მას უნდა ჰქონდეს გავლენა მომავალი საარჩევნო სიის ფორმირებაზე.
„შეიძლება, ცოტა გაუგებარიც იყოს ჩემი პასუხი, მაგრამ კახა კალაძე, როგორც მერი, მესიმპათიურება. მან გაბედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თბილისში, არც ერთ მერს მანამდე ეს არ გაუბედავს. არაფერს ვამბობ იმაზე, ამას მოჰყვება თუ არა კორუფცია, მაგრამ ინფრასტრუქტურული ცვლილები, რაც მან განახორციელა თბილისში და კიდევ რაც აქვს დაგეგმილი, რიგით თბილისელზე პოზიტიურად მოქმედებს. რაც შეეხება პოლიტიკურ სახეს, მე როგორც ვხედავ, უბრალოდ, ტელევიზიითაც კადრებში ჩანს, რომ კახა კალაძე ყოველთვის ბიძინა ივანიშვილის მარჯვნივ ზის, ან მის გვერდითაა. შეიძლება, ეს კონსტიტუციური საკითხია, შეიძლება, სამართლებრივი საკითხიც იყოს, მაგრამ იგი ყოველთვის ბიძინას გვერდითაა. ამდენად ვფიქრობ, კახა კალაძეს არა მარტო საარჩევნო სიის ფორმირებაზე, არამედ სხვა ფიგურანტებზეც ექნება გავლენა, რომლებიც მთავრობაში უნდა იყვნენ, თუკი „ოცნების“ მთავრობა შეიქმნება. თუმცა ვეჭვობ, „ოცნების“ მთავრობა შეიქმნას, ჩემი აზრით, უფრო მოსალოდნელია, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას ამ არჩევნების შემდეგ“, - აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა ჩვენთან საუბრისას.
რატომ?! იმიტომ, რომ მომავალში გიორგი გახარიამ კვლავ არ გადაარჩინოს დაჩმორებული ქოცები!
სხვათაშორის, ბატონი გახარია სახელთაც ამართლებს საქართველოს მფარველი დიდი წმინდანის, გამარჯვების მომტანის სახელს...